უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დასრულებისა და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დონბასის რეგიონში შესახვედრად იწვევს.
„ბატონო პუტინო, მზად ვარ, შეგხვდეთ ნებისმიერ ადგილას დონბასში, იქ, სადაც ომია“, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა კიევის დასავლელ მხარდამჭერებს, დაანახონ მსოფლიოს, რომ მზად არიან მათ დასახმარებლად.
„ჩვენს მოქალაქეებს მკაფიო სიგნალები სჭირდებათ, რომ ომის მერვე წელს ქვეყანა, რომელიც ევროპისთვის ფარია, მიიღებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ტრიბუნებზე მდგომი პარტნიორებისგან, არამედ იმავე გუნდის მოთამაშეებისგან პირდაპირ მოედანზე, მხარდამხარ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს კონფლიქტის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა მზად არის თავი დაიცვას.
„სურს უკრაინას ომი? არა! მზად არის უკრაინა ომისთვის? დიახ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორისაა 511 აფეთქება.
ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე შემთხვევაა.
ამასთანავე, აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისა და ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკა.