მთავარიამბებიშარლ მიშელმა პოლიტიკურ სპექტრს ახალი წინადადება წარუდგინა

შარლ მიშელმა პოლიტიკურ სპექტრს ახალი წინადადება წარუდგინა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებებს სთავაზობს.

შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია:

„2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“, – ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს.

მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

“თქვენ ნახეთ, რომ დღის პირველ ნახევარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს არსებულ სიტუაციას როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მიშელი პარტიებისთვის აპირებდა ახალი წინადადების შეთავაზებას. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად.  შეთანხმების ტექსტი შეხვედრამდე გადაეცა ყველა პარტიას. რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს საგულისხმოდ ჩავთვალეთ.  შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები, რათა გადაწყვეტილება შეგვატყობინონ, იმისათვის რომ ეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“, – განაცხადა ჰარცელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend