1 წლის შემდეგ, რაც ამერიკა კორონავირუსის პანდემიამ თითქმის სრულად გააჩერა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი მაისისთვის ყველა ზრდასრულ ამერიკელს უნდა ჰქონდეს ვაქცინასთან წვდომა, რათა 4 ივლისისთვის ქვეყანაში საბოლოოდ დაამარცხონ კორონავირუსი. ბაიდენმა ამერიკელებს ახალი იმედი ჩაუსახა და დახმარება აღუთქვა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასა და დამატებითი ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში დამატებით 4000 სამხედრო ჩაერთვება, ვაქცინის გაკეთებას კი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვეტერინარები და სტომატოლოგებიც შეძლებენ. მისი გადაწყვეტილებით, ვაქცინის დამატებითი დოზები ჯანდაცვის 950 ცენტრსა და დაახლოებით 20 000 აფთიაქში გაიგზავნება, ამ სახით ამერიკელები თავიანთ სახლთან ახლოს შეძლებენ ვაქცინის მიღებას. პრეზიდენტი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან, ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
11 მარტს ჯო ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერა 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკელებს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება. თანხების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამერიკელები დახმარების სახით 1400 დოლარს მიიღებენ. ასევე სექტემბრამდე გახანგრძლივდება უმუშევრობის გამო დაწესებული 300-დოლარიანი დახმარება. დამხარების პაკეტში გათვალისწინებულია მომავალი წლის შეღავათები, რომლებიც ბავშვებთან, მათ მოვლასა და შვებულებასთან არის დაკავშირებული.