ერთი საუკუნის წინ გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელსაც სათავეში ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ედგნენ. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს და 240-მდე მოქმედი სასწავლო პროგრამაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში შედის. პანდემიის გამო საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უნივერსიტეტში წელს მასშტაბური არ იყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების თარიღს წელს პირველად უჩვეულო სიჩუმით ხვდება. აუდიტორიები ცარიელია, სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის დღემდე ინარჩუნებს პირველობას.
“მთავარი მოტივაცია, რის გამოც თსუ ავირჩიე არის საერთაშორისო დონის გაცვლითი პროგრამები, პროფესიონალი ლექტორები და რაც მთავარია, ის ადამიანები, ვინც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ. კურსელები, რომლებთან ერთადაც შენ ყოველდღიურად ხდები უკეთესი. ამ უნივერსიტეტს აქვს რესურსი, რომელიც შეუქცევადია. თუ გსურს რომ ისწავლო, ეს უნივერსიტეტი ამისთვის ყველაფერს მოგცემს” ამბობს თსუ-ის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ბექა დადეშქელიანი.
საზეიმო ღონისძიებების ნაცვლად, უნივერსიტეტმა სტუდენტებს წელს საერთაშორისო ლექციების კურსი შესთავაზა, სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები ოთხი თვის განმავლობაში იქნებიან ჩართული.
“დღეს იწყება საერთაშორისო კონფერენცია სტუდენტებისთვის, რომელიც 4 თვეს გასტანს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი პროფესორები ოქსფორდიდან, კემბრიჯიდან, ვენეციის უნივერსიტეტიდან წაუკითხავენ ჩვენს სტუდენტებს ლექციებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია და იმედი მაქვს, რომ დაგვირგვინდება საქარველოში, ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგებთან შეხვედრით” – განმარტა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
1918 წლის 8 თებერვალს კავკასიაში ევროპული ტიპის პირველი უმაღლესი სკოლა გაიხსნა. ეს უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად, პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ივანე ჯავახიშვილის ძალისხმევით მოხდა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. ახლადგახსნილ უნივერსიტეტში თავდაპირველად მხოლოდ სიბრძინისმეტყველების ფაკულტეტი არსებობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 103-ე დაბადების დღეს სარეაბილიტაციო სამუშაობით შეხვდა. ისტორიული შენობის სარესტავრაციო სამუშაოები სტუმრებმაც დაათვალიერეს.
“მოვინახულეთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ მალე უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი. როგორც ეკადრება თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ისტორიას და თანამედროვეობას” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
სტუდენტებს განახლებულ ინტერიერთან ერთად ევროპული სტანდარტების სასწავლო პროგრამები სურთ. ისეთი, როგორზეც ერთი საუკუნის წინ ამ უნივერსიტეტის დამფუძნებელები ოცნებობდნენ.
ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი