იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობამ საზოგადოებისთვის საკმარისი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
„მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ საჭირო ზრუნვის განხორციელება და ამას ვაცნობიერებ, რადგან იაპონელები შეშფოთებულები არიან,“- განაცხადა სუგამ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი გუნდის წევრების ღამის კლუბში ვიზიტის გამოც მოიხადა ბოდიში.
„ვწუხვარ, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, რვა საათის შემდეგ თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან“, – განაცხადა სუგამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მმართველი პარტიის წევრები რამდენიმე ღამის კლუბს ესტუმრნენ. ფაქტს თავად მაღალჩინოსნებიც არ უარყოფენ.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში რესტორნები და ბარები საღამოს რვა საათზე იკეტება. ამ კვირის მონაცემებით, სულ მცირე 18 111 კოვიდინფიცირებული საავადმყოფოში საწოლის ან საკარანტინო დაწესებულებაში ადგილის გათავისუფლებას ელოდება.