ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გადაწყვეტილებით, 2020 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი ბელარუსის ოპოზიცია გახდა. თავისუფალი აზროვნებისათვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემია ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციისთვის გადაცემით ევროპარლამენტი პატივს მიაგებს ბელარუსის მოქალაქეების სიმამაცესა და ძალას, რაც მათ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში გამოიჩინეს.
ევროპარლამენტი ბელარუსში მიმდინარე პროცესების მიმართ პოზიციის შეცვლას არ აპირებს და ბელარუსის ხელისუფლების მიდგომას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. ქვეყანაში საპორტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდებენ, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.
ამ მოვლენების პასუხად ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებიდ გაამკაცრებას აპირებს.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიტლანა ციხანოვსკაია, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაპირისპირების გამო, იძულებული გახდა თავი ლიტვისთვის შეეფარებინა, ბერლინში ჩავიდა და გერმანიის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ ლუკაშენკოზე პოლიტიკური ზეწოლა გააძლიეროს.
ბელარუსის პრეზიდენტმა კი საავადმყოფოში კოვიდით ინფიცირებული პაციენტები მოინახულა. პანდემიის დასაწყისში მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ კორონა ვირუსის არ შეეშინდეთ და ვირუსის პრევენციის მიზნით არაყი დალიონ. ამ “რეკომენდაციებმა” ლუკაშენკოს მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება გაამწვავა.
ლუკაშენკო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა რომ აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ქვეყანაში არ წყდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.