მთავარიმსოფლიოოპერაცია „სინდური” - ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ოპერაცია „სინდური” – ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 მაისის დილას ინდოეთმა ისლამაბადის კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაცია დაადასტურა ინდოეთის ხელისუფლებამაც და განაცხადა, რომ იერიში მიიტანა მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც სამხედროები იყენებდნენ.

თავს დაესხნენ ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ნაწილს. ერთ-ერთი რაკეტა, აგრეთვე, მოხვდა პენჯაბის შტატის ქალაქ ბაჰავალპურში მდებარე მეჩეთს, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სარაკეტო იერიშების შედეგად სულ რვა ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთათვის შურს იძიებენ.

მაშველებს ინდოეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანებული შენობიდან დაღუპულის ცხედარი ამოჰყავთ, პენჯაბის პროვინცია, 7 მაისი, 2025 წელი Copyright AP

„ვფიქრობ, ინდოეთი ახლა პაკისტანისგან სასტიკ პასუხს მიიღებს, რადგან ჩვენ აგრესორები არასდროს ვყოფილვართ. ინდოელები საკუთარ მთავრობას ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან მათ არ აქვთ მტკიცებულებები, არ აქვთ ფაქტები და ისინი გაურბოდნენ გამოძიებას, რომელიც პაკისტანმა ინდოეთს შესთავაზა. ისინი თავს დაესხნენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს მეჩეთს, თავს დაესხნენ ხუთ სხვადასხვა ადგილს. პაკისტანი ამას უპასუხებს და პასუხი იქნება ძალიან ეფექტიანი. შეცდომაში არ შეხვიდეთ და მშვიდობის სურვილი ჩვენს სისუსტედ არ მიიჩნიოთ“, – ამბობს ატაულა ტარარი, პაკისტანის ინფორმაციის მინისტრი.

მოგვიანებით, პაკისტანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ხუთი ინდური საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრიათ.

პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„თავდაპირველი ცნობებით, სამი ადგილია, რომელზეც ქაშმირში იერიში მიიტანეს, მათ შორის კოტლი, მუზაფარაბადი და კიდევ ერთი ადგილი. მადლობა ღმერთს, დიდი ზიანი არ მოჰყოლია და ამას სრულმასშტაბიანი პასუხი გაეცემა“, – ამბობს ვაქარ ნური, რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ინდოეთის საჰაერო ძალების ჯარისკაცები ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის რეგიონში, 7 მაისი, 2025 წელი Copyright AP

ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნიუ-დელის კონტროლირებად ქაშმირის რეგიონში პაკისტანის დაბომბვას სამი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. მათ დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანის კადრები გაავრცელეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend