უკვე მეორედ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჩაბარდა. მმართველი პარტიის რიგით მეცხრე ყრილობაზე წარდგენისას, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ახალი თავმჯდომარე ერთგულ და პრინციპულ ადამიანად შეაფასა.
თავად ირაკლი კობახიძემ კვლავ ისაუბრა „Deep State”-თან ბრძოლასა და პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების განდევნისა და აღკვეთის მნიშვნელობაზე. ქვეყნის განვითარებაზე „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების ამ ნაწილს რადიკალები, მოღალატეები და აგენტები უწოდა. ამავე დროს, იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში პრეზიდენტი ტრამპი „Deep State”-ის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოსთან ურთიერთობებს შეცვლის. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს პარტიის სხვა ლიდერებმაც.
„არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც, ვფიქრობთ, უნდა დასრულდეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას გაიზიარებს.
რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, „MEGOBARI აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტია. აქ კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამსჭვალულია. ეს არის მტრული აქტი.
ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის გრძელდება. როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა” ტრამპის ადმინისტრაციას სძლია. ეს ვიხილეთ ჩვენ ორი დღის წინ.
ჩვენ ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს” დაამარცხებს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის დალაგდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, რეპრესიული ზომების გამკაცრების საშიშროება ამოიკითხეს მმართველი პარტიის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ოპოზიციიდან. მათივე თქმით, ამ პარტიაში მთავარი მაინც ბიძინა ივანიშვილია და რომ, ყველა სხვა თანამდებობა პირობითია.
„ქართული ოცნების” ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია. ის პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. ის ცენტრალიზებულად მთელ ვერტიკალს მართავს. მის შემდეგ რა ხდება, ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში, საერთოდ საინტერესო არ არის. ამის პარალელურად, მის ქვემოთ მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია კობახიძის ხელში ხდება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, სანამ ბიძინა ივანიშვილი უცვლელ ადგილას რჩება და ისევ საპატიო თავმჯდომარეა. პროცესი მის მიერ იმართება, პოლიტიკას ის წყვეტს, ეს ოლიგარქატის მთელი არსია”, – განაცხადა პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მეცხრე ყრილობაზე ცნობილი გახდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. არც ყრილობაზე და არც მედიასთან, განცხადება არ გაუკეთებია პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
ალეკო გვეტაძე