წარმოდგენას მაყურებელი ჩვეული ტრადიციულობით პარტერიდან და ლოჟებიდან არ უყურებდა. მთელი წარმოდგენის დროს, 80 წუთის განმავლობაში, მაყურებელი ფეხზე იდგა და დასის წევრებსა და მსახიობებთან ერთად გადაადგილდებოდა.
ეს წარმოდგენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში გაიმართა. და ამ სპექტაკლით გაიხსნა კიდეც ამ ფესტივალის 27-ე გამოშვება.
ფესტივალის ეს პირველი სპექტაკლი ბრიტანელი რეჟისორის, დეკლან დონელანისა და კრაიოვას ნაციონალური თეატრის ერთობლივი წარმოდგენა იყო – „ოიდიპოს მეფე”. დადგმისთვის რეჟისორმა სოფოკლეს ტექსტი ზედმიწევნით ზუსტად გამოიყენა, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. თუმცა სათქმელი ძალზე თანამედროვედ ჟღერდა და დღევანდელობით იყო განმსჭვალული.
ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სანახაობის ასე ყურება მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, ახლოს დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება სცენაზე და უფრო ნათლად გამოხატოს სათქმელი. ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი ნამდვილი „საჩუქარი“ ელოდებათ თბილისელებსა და საქართველოს სტუმრებს. ეს გახლავთ რეჟისორ ევრიპიდის ლასკარადისისა და ბერძნული თეატრის „ოსმოსისის” ერთობლივი დადგმა – „ლაპის ლაზული“.
ფესტივალი „საჩუქარი“ ქართველ მაყურებელს 15 ნოემბერს ერთი წლით დაემშვიდობება.
„27-ე წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში იმდენი ვარსკვლავი მივიღეთ და ვუმასპინძლეთ, რომ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია. განსაკუთრებით, ამ რეგიონში. ეს იყო მართლაც, რომ პირველი მერცხალი. ჩვენი პატარა გუნდი, რომელიც სულ 5-კაციანია, მგონია, რომ ახერხებს სასწაულების კეთებას. ჩემთვის ეს ხალხი არის უძვირფასესი – ისინი აკეთებენ პრაქტიკულად ყველაფერს”, – ამბობს ქეთი დოლიძე, რეჟისორი.
„ექსპერიმენტების, ავანგარდის ძიებაში კლასიკური და საშუალო დონე თხრობისა უკვე მოძველდა და მიილია ეს კულტურა. დეკლან დონელანი აბრუნებს ამ ფორმას და გარკვეულ სავარჯიშოსა და ტესტსაც უწყობს, თუ რამდენად გაუძლებს იგი 80 წუთი ფეხზე მდგარი სოფოკლეს „ოიდიპოსის” სმენასა და მასში მონაწილეობას. ეს კი ამ დადგმის სახელოვნებო ფორმაა“, – ამბობს სოფო თორთლაძე, ფესტივალის გენერალური მენეჯერი.