თბილისში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სადგურის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა.
საპროტესტო აქციაზე წარადგინეს სამოქმედო გეგმაც, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება, მათ შორისაა არჩევნების არაღიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ასევე წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მათი თქმით, მთელ ქვეყანაში გაიშლება.
„ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში”, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აქციები გაიმართება ყოველდღე და არ მისცემენ „არალეგიტიმურ პარლამენტს შეკრების უფლებას”.