გუშინ, ოთხ ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას საქართველოს თაობაზე.
მისი თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და ვაშინგტონმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა მილერი აღნიშნავს, რომ აშშ აკვირდება საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღებას არ მოერიდება.
„ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. აგრეთვე, ღიად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროპულ ამბიციებს, მხარს ვუჭერთ მათს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს მნიშვნელოვანი თანხის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ და ამ დახმარების 95 მილიონი უკვე შევაჩერეთ იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ გახდება, ჩვენ არ მოვერიდებით მათს გამოყენებას“, – აცხადებს მეთიუ მილერი.