ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ოვალური კაბინეტისთვის დემოკრატი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იბრძვიან. პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატებს თანაბარი შანსი აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდნენ.
ის, თუ ვინ გახდება შტატების მომდევნო პრეზიდენტი, დიდწილად ე. წ. გადაუწყვეტელ შტატებზეა დამოკიდებული. ეს ის შტატებია, სადაც ლურჯი, ანუ „დემოკრატიული პარტიის” მხარდამჭერი, და წითელი, ანუ „რესპუბლიკური პარტიის” მხარდამჭერი შტატებისგან განსხვავებით, გამარჯვების შანსი ორივე პარტიის კანდიდატს აქვს.
არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. ასეთია გადაუწყვეტელი შტატების ჩამონათვალი. პრეზიდენტობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ შტატებს დაუთმეს.
ამ შტატებში გაიმართა კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიების დასკვნითი ღონისძიებებიც.
რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო კამპანია მიჩიგანში დასრულდა. დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია და იგი ამერიკელ ხალხს „ახალი სიმაღლეებისა და დიდებისკენ“ გაუძღვება.
„ხვალ თქვენი ხმით შეგვიძლია მოვაგვაროთ თითოეული პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და მივიყვანოთ ამერიკა ახალ სიმაღლეებსა და დიდებასთან. იფიქრეთ, რამდენად მშვენიერია ეს. დიდების ახალი სიმაღლე – აი, რა მოხდება, როცა არჩევნებში გავიმარჯვებთ, და ეს ნამდვილად ასე იქნება. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემაა. თუ გამოხვალთ და ხმას მისცემთ, ისინი ვერაფერს გააკეთებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ.
ეს ჩემი ბოლო შეკრებაა. წარმოგიდგენიათ? ეს დიდი, ლამაზი შეკრებები, რომელთა მსგავსიც არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანას უჭირს… რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ მე გავამთელებ იმას, რაც ჯომ და კამალამ დაამსხვრიეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რაც შეეხება კამალა ჰარისს, დემოკრატი კანდიდატის დასკვნითი შეხვედრა ამომრჩევლებთან პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში, გაიმართა.
„დარჩა კიდევ ერთი დღე ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე და ინერცია ჩვენს მხარესაა. ჩვენი კამპანია შეეხო ამერიკელი ხალხის ამბიციებს, მისწრაფებებსა და ოცნებებს. ჩვენი განწყობა ოპტიმისტურია და გვახარებს ის, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკაში ახალი თაობის ხელმძღვანელობის დრო დადგა. მე მზად ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტის რანგში ასეთი ლიდერი ვიყო. თუმცა, რბოლა ჯერ არ დასრულებულა და იგი შეიძლება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი იყოს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
Philadelphia, are you ready to make your voices heard?
Thanks for joining us tonight, @Oprah. pic.twitter.com/WD08v8Mcvw
— Kamala Harris (@KamalaHarris) November 5, 2024
ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ შტატების საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ოდენობის შესაბამისად ენიჭება.
კანდიდატებს გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან, სულ მცირე, 270 ხმა სჭირდებათ.