კატეგორიები

„ტრამპის შეთანხმება“ - 300 მილიარდი დოლარი და გარანტიები ირანს

„ტრამპის შეთანხმება“ - 300 მილიარდი დოლარი და გარანტიები ირანს
დასავლურ მედიაში გაჟონილი შეთანხმების ფონზე, ვაშინგტონი და თეირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს ირანის მიერ აღებულ ვალდებულებას, აღარასდროს განავითაროს ბირთვული შეიარაღება და გახსნას ჰორმუზის სრუტე, ხოლო შეერთებული შტატები, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ისლამური ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასა და ეკონომიკური დახმარების მასშტაბური პაკეტის უზრუნველყოფას.

კერძოდ, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვაშინგტონი გეგმავს სპეციალური 300 მილიარდიანი „აღდგენის ფონდის“ შექმნას და ამით იმ ზიანის გამოსწორებას, რაც თეირანს 28 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების დროს მიადგა.

გაჟონილი დოკუმენტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ ირანი და აშშ, თავიანთ „ამჟამინდელ ომის მოკავშირეებთან ერთად“, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მომენტიდან აცხადებენ ომის დაუყოვნებლივ და საბოლოო შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და ვალდებულებას იღებენ, მომავალში თავი შეიკავონ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარისგან.

მთავარი კითხვაა - ეხება თუ არა ტერმინი „მოკავშირეები“ ისრაელს, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია არავის გაუვლია და რომ თელ-ავივი განაგრძობს საკუთარ სამხედრო ოპერაციას ეროვნული ინტერესების დასაცავად.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიესალმება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას, ზოგიერთი ევროპარლამენტარის აზრით, რეგიონში მშვიდობამდე ჯერ კიდევ შორია და საკითხს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.

„პირველ რიგში, ირანსა და ამერიკას შორის არ ყოფილა მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება. ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი, ხოლო რთული მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ არის. მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებისა, რომლებიც ეხებოდა იმას, თუ რა ხდებოდა ირანში ომის დაწყების დროიდან, ერთი რამ ნათელია - ეს განსხვავებული ირანია, მაგრამ ნამდვილად არაა უკეთესი.

ვიდრე მემორანდუმის დეტალური პუნქტები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის განცხადება: „დაე ნავთობმა იდინოს“ - აჩვენებს ვიწრო ფოკუსს ენერგობაზრებზე, მაგრამ ამ კონფლიქტის გავლენა ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრო მხოლოდ ავტოგასამართ სადგურებზე გაზრდილი ფასები.

ისრაელმა ომი გამოიყენა ლიბანის უფრო მეტი ოკუპაციის მიზნით და გამოაცხადა, რომ არ აპირებს ამ ქვეყნიდან გასვლას. ლიბანელი ხალხისთვის კოშმარი არ დასრულებულა, ამიტომ ევროკავშირმა უნდა იმუშაოს რეგიონში ისრაელის ექსპანსიის შეჩერებაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, შონ კელიმ.

„ტრამპმა და ნეთანიაჰუმ თქვეს, რომ ირანზე, ლიბანსა და პალესტინაზე დარტყმები უსაფრთხოებას მოიტანა. ამის ნაცვლად, სრულიად რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული. ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არც ერთი შეთანხმება არ დაგვხმარებია და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა უდიდეს ფასს იხდის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველას გარკვეული ეჭვი აქვს.

ახლა ომი ლიბანშიც ვრცელდება - ბეირუთი თავდასხმების ქვეშაა, მათ ჰყავთ მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი, დაღუპული ბავშვები, განადგურებულია საავადმყოფოები. ეს ნამდვილად არ ჰგავს ტერორიზმთან ბრძოლას და ლიბანი არ უნდა გახდეს მეორე ღაზა.

მიმდინარეობს საუბრები გრძელვადიან მშვიდობაზე, მაგრამ შეიძლება ამ კაცების ნდობა, რომლებიც მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებით თამაშობენ? ჩვენ ამას მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, როდესაც ბომბების ცვენა დასრულდება, რადგან თუკი ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, ევროპა ვეღარ იქნება ამის თანამონაწილე.

ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვაბილიზოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების ჩათვლით“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

დასავლურ მედიასთან ერთად, არაბულ წყაროებში გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ამერიკა ასევე ვალდებულებას იღებს, რომ „ხელმოწერისთანავე“ მოხსნის ირანის პორტებზე დაწესებულ საზღვაო ბლოკადას, ხოლო თეირანი „დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს, რათა აღდგეს სავაჭრო გემების მოძრაობა სპარსეთისა და ომანის ყურეებში“.

ამასთან, ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ არაუგვიანეს 30 დღისა სრულად და შეუფერხებლად აღადგინოს საზღვაო მიმოსვლა.

დაკავშირებული ამბები
„ტრამპის შეთანხმება“ - 300 მილიარდი დოლარი და გარანტიები ირანს ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან „შესანიშნავ შეთანხმებას“ მიაღწია, თუმცა თეირანი გადაწყვეტილების მიღებას უარყოფს