კატეგორიები

„ირანელებმა ტრამპი გააცურეს“ - აცხადებს ჯონ ბოლტონი

„ირანელებმა ტრამპი გააცურეს“ - აცხადებს ჯონ ბოლტონი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ირანმა დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო ვაშინგტონისთვის შეთანხმება რამდენიმე მიზეზის გამო სრულიად წამგებიანია.

Euronews-სთან საუბრისას, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ისლამური ქვეყნის წარმომადგენლებმა მკაფიოდ შენიშნეს და კარგად შეისწავლეს დონალდ ტრამპის მოუთმენლობა ახლო აღმოსავლეთის ომში წერტილის დასმის თვალსაზრისით, ამიტომ დრო იხელთეს და შეთანხმებაში დაამატეს მათთვის ხელსაყრელი პუნქტები.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი შეთანხმებაა შეერთებული შტატებისთვის. ტრამპი არ ფიქრობს შეთანხმების გეოსტრატეგიულ შედეგებზე. ის მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს - მას სურს სრუტის გახსნა, სურს სპარსეთის ყურის ნავთობი საერთაშორისო ბაზრებზე და სურს საწვავის ფასები ისევ დაბლა დაწიოს. მხოლოდ ეს არის, რაც ადარდებს.

ტრამპი სასოწარკვეთილად ელოდება შეთანხმების გაფორმებას და მათ ის ოსტატურად მოაქციეს სასურველ მდგომარეობაში. მათ ის ისე ათამაშეს, როგორც სურდათ, სწორედ ამიტომ მიაღწიეს მათთვის სასურველ შეთანხმებას.

ჩემი აზრით, ეს პრეზიდენტისთვის უხერხული და სამარცხვინო მდგომარეობაა. ვფიქრობ, შეთანხმებით მიანიშნებენ ირანის გაყინული აქტივების ნაწილობრივ განბლოკვაზე, რის გამოც ტრამპი 2016 წელს მძაფრად აკრიტიკებდა ბარაკ ობამას და, რაც, მგონია, შეცდომაა. ვფიქრობ, შეცდომაა ამ სასტიკი თეოკრატიული რეჟიმისთვის რაიმე აქტივების გადაცემა. სიამოვნებით დავუბრუნებდი ამ აქტივებს ირანს, როცა იქ თავისუფალი მთავრობა იქნება, მაგრამ ახლა ასეთ ვითარებაში არ ვიმყოფებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ის ფაქტი, რომ შეთანხმების პირობები დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ დარჩა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის დეტალები, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, დამატებითი საფრთხეების მომტანი იყოს ან ირანმა ისინი გამოიყენოს ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლისთვის.

ჯონ ბოლტონი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით გამარჯვებული მხოლოდ თეირანია, რომელმაც ისლამური მმართველობა შეინარჩუნა, მიმდინარე წლის დასაწყისში გამართული მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციებისას მოქალაქეების სასტიკ მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დიდი ნაწილი კი ისევ დაუსჯელი რჩება.

ამასთან, ჯონ ბოლტონი სერიოზულად არ აღიქვამს ირანის მტკიცებებს, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნას არ შეეცდება, რადგან, როგორც ამბობს, ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალურად ეს 56 წლის წინ აქვს გაცხადებული - მას შემდეგ, რაც 1970 წელს შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას, თუმცა, რეალობამ სხვა რამ აჩვენა.

ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა ისიც, რომ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებებში საკუთარი ბერკეტები შეასუსტა, რადგან ამჯობინა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ენერგორესურსებზე ფასების ზრდა თავიდან აიცილოს, რითაც ცდილობს შიდაპოლიტიკური უკმაყოფილება მინიმუმამდე დაიყვანოს.

დაკავშირებული ამბები
„ირანელებმა ტრამპი გააცურეს“ - აცხადებს ჯონ ბოლტონი ედვარდსის ბაზიდან აფრენიდან მალევე B-52 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა