კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი კვლავ არაა მზად, კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი კვლავ არაა მზად, კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს
ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე დასასწრებად ვოლოდიმირ ზელენსკი ჟენევას ეწვია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ფორმატის გამოყენების შესაძლებლობა, გამონაკლისის სახით, წელს ვლადიმერ პუტინსაც ჰქონდა, რომელმაც მასთან შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ არ არის მზად დიალოგისთვის.

საფრანგეთში ჩასვლამდე ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, როგორც ამბობს, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს აცნობა მოსკოვის პოზიცია სამშვიდობო პროცესის მიმართ.

„ჩვენ პუტინს შევთავაზეთ შეხვედრა ნებისმიერ ადგილას, სადაც ომის დასრულების რეალური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა მას ეს არ სურს.

შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან განვიხილეთ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობა დიდი შვიდეულის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა დემოკრატიული ქვეყანა. პუტინს არც ეს სურს.

პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა, იყოს ორგანიზებული ამერიკაში, იმგვარ ფორმატში, სადაც პუტინს გაცილებით გაუჭირდება უარის თქმა, სულ მცირე პრეზიდენტ ტრამპისთვის და ვნახოთ, რა გამოვა.

თუ რუსეთი ამ შანსსაც უგულებელყოფს, საჭირო იქნება დამატებითი წნეხი, ამიტომ უნდა იყოს უფრო მძლავრი სანქციები და ევროპას შეუძლია, ამ პროცესს გაუძღვეს.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს უკრაინისთვის ძალიან რთული დღეა. გასულ ღამეს რუსეთმა ჩვენი ქალაქების მისამართით მორიგი მასირებული იერიშები მიიტანა. ეს იყო განზრახ განხორციელებული სასტიკი დარტყმები, რა დროსაც ადამიანები დაიღუპნენ და ბევრი დაშავდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარალელურად, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინულმა მედიამ განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების მზაობა კიევმა გასულ კვირებშიც არაერთხელ დაადასტურა და შესაბამისი წინადადება ახლაც კრემლში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით გაგზავნა - შუამავლების, დიპლომატებისა და დაზვერვის გამოყენებით, თუმცა სანაცვლოდ კონკრეტული პასუხი უკრაინულ მხარეს არ მიუღია.

ამის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი პერიოდულად იმეორებენ, რომ მზად არიან კიევის დელეგაციას მოსკოვში უმასპინძლონ, რაც, დასავლელი ლიდერებისა და ანალიტიკოსების აზრითაც, უკიდურესად საფრთხისშემცველია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას რუსული მხარე ე.წ. „კიევის რეჟიმად“ მოიხსენიებს, მის კაბინეტსა და თავად უკრაინის პრეზიდენტს კი მოსკოვი, უკვე მეხუთე წელია, ნომერ პირველ სამიზნედ მიიჩნევს.

15 ივნისს უკრაინულ ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქის კულტურულ, ისტორიულ და მთავარ ქრისტიანულ ობიექტებზე დარტყმებს კიევში გარკვეულწილად უწოდებენ პასუხს მოსკოვისადმი მათ სამშვიდობო შეთავაზებაზე.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ კრემლისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ქვეყნის ევროინტეგრაცია, რომელიც ლუქსემბურგის სამიტის დროს, ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც კიევსა და კიშინაუს მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაუხსნეს.

„რა ხდება დღეს? უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პირველი თავის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის წინსვლა ვერ შეჩერდება.

ამ ომის მიმდინარეობისას, უკრაინამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მოლდოვასთან ერთად ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ახლა მოლაპარაკებებისკენ მივიწევთ და გვჯერა, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პასუხი, რაც ევროპამ შეუძლია დაუპირისპიროს რუსეთის თავდასხმებსა და მუდმივ აგრესიას, არის ჩვენი ბლოკში გაწევრებისა და მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის პროცესი.

ხშირად ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის სხვებზე მეტად გვიწევს ბრძოლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ივნისის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს „არაფერი აქვს საწინააღმდეგო უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“, თუმცა დასძინა, რომ შეშფოთებულია, სამხედრო კონფლიქტში ევრობლოკის ამჟამინდელი პოზიციით.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი კვლავ არაა მზად, კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთის იერიშების სამიზნედ კიევ-პეჩერის ლავრა იქცა