„შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმება სრულად ხელმოწერილია“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
დონალდ ტრამპი ირანთან წინასწარ შეთანხმებას გულისხმობდა, რომელიც მისი ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თამახმად, „დაახლოებით ერთნახევარ გვერდს“ მოიცავს და „ძალიან ზოგადი“ ხასიათისაა. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თანახმად, შეთანხმებას ხელი დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბარერ ღალიბაფმა ელექტონულად მოაწერეს. მათივე თქმით, ჰორმუზის სრუტე პარასკევს გაიხსნება - იმავე დღეს, როცა ჟენევაში შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერება. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპის საფრანგეთში ვიზიტისა და დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობის პარალელურად ხდება.
სამიტის მასპინძელთან, ემანუელ მაკრონათან შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშნგტონსა და თეირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექტი „ძალიან მალე“ გამოქვეყნდება.
„ეს არ ჰგავს ობამას შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ საშინელი იყო. ეს ძალიან ძლიერი დოკუმენტია და მინდა, რომ გამოქვეყნდეს. ალბათ, საკმაოდ მალე, პარასკევის შემდეგ. რადგან სრუტე მთლიანად გაიხსნება - უკვე ღიაა, მაგრამ სრულადაც გაიხსნება - ნაღმების უმეტესობა უკვე განეიტრალებული იქნება. უკვე ბევრი დერეფანი გვაქვს გახსნილი. ამიტომ ვფიქრობ, ეს ძალიან ახლო მომავალში მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მას ჰკითხეს ისიც, ითვალისწინებს თუ არა შეთანხმება ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის სანქციების შემსუბუქებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხია, რომ ეს თეირანის ქცევას უკავშირდება და რომ თუ ირანის ხელმძძრვანელობა ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა, მაშინ ეს პროცესიც დაიწყება.
თავის მხრივ ემანუელ მაკრონმა მაკრონმა დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ევროპული ძალები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში განლაგდნენ.
„მოხარული ვიქნებოდი, თუ ამას გააკეთებდნენ. თუმცა არ მგონია, რომ დიდად დახმარება დაგვჭირდეს, რადგან გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სრუტე ღია იქნება. გადასახადის გარეშე. ამ საკითხზე მცირე კამათი გვქონდა. გადასახადი არ იქნება. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ დახმარება დიდად დაგვჭირდება. თუმცა ცუდი იდეა არ არის, თუ რამდენიმე ქვეყანიდან ერთ-ორი ხომალდი იქნება. თქვენ ამისთვის შესანიშნავი ქვეყანა იქნებოდით. რადგან არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს“, - თქვა ტრამპმა.
„ჩვენ მზად ვართ, უკვე ხვალიდან გამოვიყენოთ საპატრულო ხომალდები, რომლებიც რეგიონში უკვე იმყოფებიან და მონიტორინგის მისიაში დახმარება შეუძლიათ. 48 საათის განმავლობაში შესაძლებელია ფრეგატების გაგზავნაც, ხოლო ორიდან სამ დღეში ავიამზიდიდის, მისი თანმხლები ფრეგატებით - ეს მთელი დამრტყმელი ჯგუფია. მათი განლაგება შესაძლებელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეერთებული შტატების, ირანისა და ომანის მოთხოვნაზე, რადგან ისინი შეთანხმების მონაწილე მხარეები არიან, და მათგან ორი ჰორმუზის სრუტეს ესაზღვრება. ბრიტანელებთან ერთად ჩვენ ასევე დავაორგანიზეთ სხვა მისია, რომელშიც უკვე დაახლოებით 20 ქვეყანამ წარმოადგინა კონკრეტული შეთავაზებები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. რეგიონში ოთხი ქვეყანა უკვე ვიმყოფებით. ეს არის ჩვენი შეთავაზება. ჩვენ მათ განკარგულებაში ვართ. ეს აჩვენებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასა და ჩვენს მტკიცე სურვილს, რომ სრუტე კვლავ გაიხსნას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა ეს დახმარება არც მოითხოვონ და საჭიროც არ გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნაბიჯი ჩვენს მზადყოფნას აჩვენებს, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ პროცესს“, - განაცხადა მაკრონმა.
ეს იმ ინიციატივის ნაწილია, რომელსაც საფრანგეთი და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნები ევიან ლე ბენში მიმდინარე სამიტზე განიხილავენ, რათა ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ენერგომატარებლების მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე შეუფერხებლად განახლდეს.
