კატეგორიები

ირანსა და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა - აპრილის შემდეგ პირველად

ირანსა და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა - აპრილის შემდეგ პირველად
დროებითმა ზავმა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ ზუსტად 2 თვე გასტანა - თელ-ავივსა და თეირანს შორის საბრძოლო მოქმედებები ურთიერთიერიშებით განახლდა.

8 ივნისის დილიდან ირანული ბალისტიკური რაკეტები იერუსალიმისა და დასავლეთ სანაპიროს ცაზე გამოჩნდა, რომელთაც „რკინის გუმბათის“ თავდაცვითი სისტემა, საჰაერო განგაშის სირენების ფონზე ანეიტრალებს.  

მყიფე მშვიდობა, რომელსაც, ანალიტიკოსების აზრით, მოვლენათა განვითარებისა და ჩიხში შესული შეთანხმების ფონზე, დიდი დრო ისედაც არ ეწერა, 7-8 ივნისის ღამით დაირღვა. ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილზე, ირანმა ბალისტიკური საფრენი აპარატები გაუშვა.

ადგილობრივ მოსახლეობას დაეგზავნა შეტყობინებები, ბომბსაფრებში დაუყოვნებლივ გადასვლის მოწოდებით, ზოგიერთი კი თელ-ავივის მიმართულებით მფრინავ რაკეტებს ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, თვითმფრინავის ილუმინატორიდან აკვირდებოდა, რამაც ბორტზე პანიკა გამოიწვია.

რაკეტების გაშვების პარალელურად, ირანის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც, მათი ცნობით, ასახულია, როგორ ზეიმობენ ისლამური მმართველობის მხარდამჭერები საბრძოლო მოქმედებების განახლებას.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ, საპასუხოდ, მათმა საჰაერო ძალებმა დაარტყეს დასავლეთ და ცენტრალურ ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებს, ასევე, თეირანის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გამოცემების თანახმად, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ტებრიზსში, კარაჯსა და ისფაჰანში, რის გამოც ისლამურმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა.

ომის ახალი ფაზა მხარეებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც თელ-ავივმა ბეირუთში მდებარე, დაჰიეს სამხრეთ გარეუბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებზე 7 ივნისს იერიშები მიიტანა.

მანამდე ამას წინ უძღოდა თეირანის რამდენიმე მუქარისშემცველი გაფრთხილება, რომ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდნენ ისრაელის წინააღმდეგ, თუკი ლიბანის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე იერიშებს მიიტანდა.

ირანში პერიოდულად იმეორებენ, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა არის ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც.

განახლებული ურთიერთიერიშების ფონზე, თეირანსა და ვაშინგტონს შორის გასაფორმებელმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ უფრო მეტი ბუნდოვანება შეიძინა.

დარტყმების დაწყების პარალელურად, დონალდ ტრამპმა მხარეებს დეესკალაციასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა, გვიან ღამით კი ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა.

ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, რამდენიმე დღით გადაედო საპასუხო იერიშები და გზა მიეცა დიპლომატიისთვის.

ომის განახლების ზღვარზე თელ-ავივი და თეირანი 1-ელ ივნისსაც იყვნენ - სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო. მაშინ ისლამურმა ქვეყანამ ვაშინგტონთან შუამავლების მეშვეობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა.

დაკავშირებული ამბები
ირანსა და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა - აპრილის შემდეგ პირველად „სამხრეთ კავკასიის მომავლის განმსაზღვრელი“ არჩევნები სომხეთის მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა