კატეგორიები

„სამხრეთ კავკასიის მომავლის განმსაზღვრელი“ არჩევნები სომხეთის მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა

„სამხრეთ კავკასიის მომავლის განმსაზღვრელი“ არჩევნები სომხეთის მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა
ანალიტიკოსების მიერ „სამხრეთ კავკასიის მომავლის განმსაზღვრელად“ შეფასებული საპარლამენტო არჩევნები სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებით დასრულდა.

მოქმედი პრემიერ-მინისტრის „სამოქალაქო კონტრაქტი“, წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრის შედეგად, 50%-ზე მეტს იღებს და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველად შედეგებში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი სხვაობის მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანის ოპონენტები პრორუსულად და ანტიდასავლურად განწყობილი პარტიებიდან მიიჩნევენ, რომ მონაცემები არ ასახავს რეალობას და სინამდვილეში არჩევნებში ისინი ლიდერობენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ძირითადი მეტოქე ამ საარჩევნო რბოლაში კრემლის რჩეული, ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი იყო, რომელმაც ამომრჩევლებისგან სამჯერ ნაკლები ხმა მიიღო, თუმცა ჯერჯერობით იმედს მაინც არ კარგავს.

„მინდა გითხრათ, რომ არ დაგარკოთ თავდაჯერებულობა. არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის, ამიტომ ნუ ღელავთ. ისინი ვერ მოიპოვებენ სასურველ გამარჯვებას, რადგან მათი ინტერვიუებისა და სახეების გამომეტყველების მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ საქმე კარგად არ მისდით“, - განაცხადა „ძლიერი სომხეთის“ ალიანსის ლიდერმა, სამველ კარაპეტიანმა.

საგულისხმოა პრორუსულად განწყობილი ბიზნესმენის არც თუ ისე ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული, რომელმაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ის სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე სამართალდამცველებმა დააკავეს, „ძალაუფლების მიტაცებისკენ მოწოდებებისთვის“, რის შემდეგაც მას ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება დაიწყო „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების“ საქმეზეც.

მის წინააღმდეგ სამართალწარმოება არც ახლაა შეწყვეტილი და სომხეთის წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იმ მხრივაც აღმოჩნდა განსხვავებული, რომ პოლიტიკურ რბოლაში მონაწილე მთავარ ოპოზიციონერს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

კენჭისყრის პროცესში ის ალიანსის სახელით მონაწილეობდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო.

ოპოზიციური ფლანგის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მან გამარჯვება გამოაცხადა იმ დროს, როცა ხმების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო დათვლილი.

ამავე საკითხზე აქტიურად საუბრობენ რუსულ სახელმწიფო მედიაშიც და მიუთითებენ, რომ საარჩევნო პროცესმა „უპრეცედენტო ზეწოლის თანხლებით ჩაიარა“, რა დროსაც რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს.

ერევანში აცხადებენ, რომ დაკავებები სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულს უკავშირდება და არა პოლიტიკურ შურისძიებას, თუმცა საზოგადოებისადმი მიმართვაში, გამარჯვებულმა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის დიდ ნაწილზე ასე ისაუბრა:

„ეს არ არიან პოლიტიკური ძალები, ისინი არიან კრიმინალური ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები. როგორც ვამბობდი, სომხეთში უნდა განადგურდეს „ომის ტრიადა“ ან „ჯაშუშების პარტია“. პოლიტიკურ არენაზე ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.“

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებით ერევანმა არამხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არამედ საგარეო კურსიც აირჩია.

ანალიტიკოსების თქმით, ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტის შენარჩუნებით სომხეთი მეტად დაშორდება რუსულ გავლენებს და დაუახლოვდება ევროკავშირს, განსაკუთრებით მოსკოვთან ბოლოდროინდელი დაძაბულობისა და კრემლის მხრიდან დაწესებული სავაჭრო-ეკონომიკური შეზღუდვების გათვალისწინებითაც.

ამავე დროს, სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აპირებს არავისადმი მტრულად განწყობას და მისი გეგმაა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და სასაუბროდ ჩასვლა როგორც მოსკოვში, ისე ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც.

ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვებით, მოსალოდნელია, უფრო აქტიურად დაიწყოს სამშვიდობო პროცესი აზერბაიჯანსა და თურქეთთან - აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებთან ერევანს მრავალწლიანი კონფლიქტი აკავშირდებდა, რომელიც ახლა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ეტაპზე გადადის.

დაკავშირებული ამბები
„სამხრეთ კავკასიის მომავლის განმსაზღვრელი“ არჩევნები სომხეთის მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა კრემლისთვის არასასურველია სოციოლოგიურ გამოკითხვებში ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობა