კატეგორიები

კაია კალასი: ევროპა უკრაინასა და რუსეთს შორის ნეიტრალური შუამავალი არასდროს იქნება

კაია კალასი: ევროპა უკრაინასა და რუსეთს შორის ნეიტრალური შუამავალი არასდროს იქნება
ევროკავშირი უკრაინასა და რუსეთს შორის არც შუამავლის როლის შესრულებას და არც სამშვიდობო მოპალარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების ჩანაცვლებას არ ეცდება. ამის შესახებ ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა პროცესში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხზე მიმდინარე დებატების ფონზე განაცხადა.

ეს თემა, რომელმაც წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით ინტენსიური სპეკულაციები გამოიწვია, ხუთშაბათს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მთავარი საკითხი იყო.

„ერთი რამ სრულიად ნათელია: ევროპა არასოდეს იქნება ნეიტრალური შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებს ვიცავთ,“ - განაცხადა კაია კალასმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და ისიც დაამატა, რომ უკრაინას ეროკავშირი მოლაპარაკებებში ბალანსის შენარჩუნებისა და რუსეთისგან დათმობების მისაღებად სჭირდება.

„ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. რუსეთი სუსტ პოზიციაში, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით. თუმცა, კიევზე ბოლო დარტყმებმა აჩვენა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს კვლავ არ იჩენს. ეს დღეს მინისტრების მკაფიო პოზიციაც იყო. მოსკოვის პირდაპირი მუქარა კიევში უცხოელი დიპლომატების მოკვლაზე საჯარო განცხადებაა ომის დანაშაულის შესახებ. დღეს ასევე რუსეთთან მიმართებით  ევროპის ძირითადი უსაფრთხოების ინტერესები განვიხილეთ. კარგია, რომ მინისტრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეფიქრათ და საფუძვლიანი დისკუსიები გაემართათ იმაზე, თუ რა დათმობებს უნდა სთხოვდეს ევროპა მოსკოვს და რა არის ჩვენი წითელი ხაზები. ერთი რამ სრულიად ნათელია: ევროპა არასოდეს იქნება ნეიტრალური შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და საკუთარ ფუნდამენტურ უსაფრთხოების ინტერესებს ვიცავთ.

უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების წინაპირობაა. დღეს მინისტრებმა ამასაც მკაფიოდ გაუსვეს ხაზი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დივერსიული ოპერაციები, კიბერშეტევები, არჩევნებში ჩარევა და ევროპის მასშტაბით საჰაერო სივრცის დარღვევები. უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა იმ დროს, როცა რუსეთი გადაიარაღების პროცესშია, ევროპის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. თუ უკრაინის არმიაზე დაწესდება ლიმიტები, მაშინ შეზღუდვები რუსეთსაც უნდა შეეხოს. ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების სამართლებრივი აღიარება ვერ მოხდება. პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთმა საერთაშორისო გამოძიებებთან უნდა ითანამშრომლოს და მის მიერ გამოწვეული ნგრევის საფასური აანაზღაუროს. ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ სრულად უნდა აღიაროს უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ალიანსები“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასა და რუსეთს შორის ახლა გაყინულია. თეთრი სახლის დიპლომატიური ენერგია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ სრულად შთანთქა და უკრაინა უკანა პლანზე გადაიყვანა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონის ადგილს ბრიუსელი დაიკავებს.

„ჩვენი ყველა ძალისხმევა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას უნდა ავსებდეს“ - ამბობს კაია კალასი. მისივე განმარტებით, ევროკავშირი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ პროცესს მიღმა დარჩა.

მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო კიევი უკმაყოფილებას სულ უფრო მეტად გამოხატავს და ევროპელებს მეტად გააქტიურებისკენ საჯაროდ მოუწოდებს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრიი სიბიჰამ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის კვიპროსში ჩავიდა, განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება „ზუსტ და განხორციელებად ნაბიჯებზე“ უნდა გაამახვილოს. მაგალითად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციასა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე.

„პროცესის ლიდერად ადამიანის ან ჯგუფის არჩევით დაწყება არ გვჭირდება. ჯერ მანდატი უნდა განვსაზღვროთ, და იგი ერთიან ევროპულ ხმას უნდა წარმოადგენდეს“ - განაცხადაანდრი სიბიჰამ.

შეჩერებული მოლაპარაკებების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ სამშვიდობო პროცესი შესაძლოა მალე განახლდეს.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა კაია კალასი: ევროპა უკრაინასა და რუსეთს შორის ნეიტრალური შუამავალი არასდროს იქნება