რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი რუსული კომერციული ბანკების ნაწილსა და მათ ფილიალებს ერთგვარი ვალდებულება გაუჩნდებათ, თავიანთი ძალებით გაუმკლავდნენ უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ბანკები თავიანთი ბიუჯეტიდან გამოყოფენ რადიოელექტრული დახშობის სისტემის ხარჯებს, შერჩეული თანამშრომლები კი ჩამოაგდებენ მოახლოებულ დრონებს, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დახმარების ლოდინის გარეშე, მით უმეტეს მაშინ, როცა საფრენი აპარატი მათი ობიექტის მიმართულებით მოძრაობს.
რუსი კანონმდებლების განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს, საჰაერო თავდაცვის სისტემაში მათი ჩართვა სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურს დაეხმარება.
ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვის ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი ვეღარ იცავს თავს მეტად გაბედული უკრაინული თავდასხმებისგან, მით უმეტეს, როცა კიევი ამას აგრესორი ქვეყნის შორეულ წერტილებშიც თავისუფლად ახერხებს.
„ვაკვირდებით არამხოლოდ იერიშების რაოდენობრივ ზრდას, არამედ უკრაინული დარტყმების, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ „გაბედულობას“ რუსეთის სიღრმეში მდებარე ენერგოობიექტებზე, რითაც რუსეთს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკური ზიანიც ადგება. ეს თავდასხმები მხოლოდ გაუარესდება, შესაბამისად, რუსეთისთვის არაფერი გაუმჯობესდება.
არსებობს დამატებითი პრობლემა - უკრაინული დრონების სპეციფიკა მუდამ ცვალებადია, ამიტომ დრონსაწინააღმდეგო სისტემა, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვეულებრივი სამოყვარულო ან კომერციულად ხელმისაწვდომი საფრენი აპარატებისგან იცავთ თავს. როგორც ვხედავთ, უკრაინა უფრო და უფრო რთული მოწყობის დრონებს იყენებს, რომელთანაც გამკლავება შეუძლებელი ხდება“, - განაცხადა ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამეფო ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტმა, თომას უიტინგტონმა.
გაზრდილი უკრაინული იერიშების ფონზე, რუსი დეპუტატები ვერ მალავენ უკმაყოფილებას და, გარკვეულწილად მიანიშნებენ, რომ ფრონტზე მოსკოვის ნაბიჯები არასაკმარისია.
სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლებისას, მათ კიევის წინააღმდეგ ისევ სიძულვილის ენა და უხეში ეპითეტები გამოიყენეს და ისევ გაიხსენეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქზე მიტანილი იერიშები.
„უკრაინულმა მხარემ ჩაიდინა - სხვანაირად ვერ ვიტყვი - უსასტიკესი დანაშაული. თუ ჩემი თაობის სახელით ვისაუბრებ, იქ ჩვენი ბავშვები დაიხოცნენ, მძინარე ბავშვები, მათ შორის გოგონები, პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტები. ასეთი რამის პატიება შეუძლებელია, იქნება შურისძიება, ბევრად ადრე, ვიდრე ამას ვარაუდობენ. უკვე აშკარაა პროტესტის ტალღა ამ სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ.
ზელენსკის ნაცისტური, სისხლიანი რეჟიმისთვის არ არსებობს არანაირი ზღვარი. პატიება არ ექნება იმ სასტიკ ქმედებებს, რასაც ისინი ჩადიან. დღეს განვიხილავთ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმების შესახებ, მათ შორის კიევში, გადაწყვეტილების მიმღებ პუნქტებზე.
აუცილებელია, განვიხილოთ დარტყმების შესაძლებლობა დნეპრზე გამავალ ხიდებზე, რითაც მოვახდენთ უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პარალიზებას, რათა პოლონეთიდან ფრონტზე აღარ მიდიოდეს სიკვდილისმომტანი ჯავშანტექნიკა. იგივე ეხება ბორისპოლის აეროპორტს, სადაც ყოველდღიურად ეშვება ლეტალური იარაღით სავსე ბორტები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი მებრძოლი ბიჭების წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ.
სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონპროექტის ასამოქმედებლად მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა დარჩა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით აპირებს მოსკოვი ამ გეგმის რეალიზებას, რადგან დრონების განეიტრალებას სპეციფიური მომზადება სჭირდება, მით უმეტეს რადიელექტრული სისტემების გამოყენებისას.
ამ გეგმამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ვლადიმერ პუტინსაც, რომელიც ცდილობს, რუსეთის მოქალაქეებს შეუქმნას ილუზია, თითქოს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები გეგმის მიხედვით სრულდება.
