დრონები, როგორც დეზინფორმაციისა და დაშინების საშუალება მოსკოვის ხელში - ევროკავშირის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გადასაფარად, კრემლმა ახალი სტრატეგია აირჩია, რომელიც მიზნად ისახავს, ახალი მექანიზმებით აწარმოოს ფსიქოლოგიური ტერორი ბლოკის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
ამის მაგალითად ევროკომისიის პრეზიდენტი ასახელებს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარ არაერთ შემთხვევას, როდესაც მათ თავზე სხვადასხვა მხრიდან შემოფრინდა როგორც რუსული, ისე მოსკოვის მიერ ელექტროტალღური სისტემის გამოყენების შედეგად გზააბნეული უკრაინული დრონები.
სამივე ბალტიური ქვეყნის მხარდასაჭერად, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებს შეხვდა.
„ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მოსახლეობა განიცდის იმას, რაც ბევრს სჯეროდა, რომ მხოლოდ სხვა ადგილას შეიძლება ხდებოდეს. საჰაერო განგაში, ოჯახები ბომბსაფრებში, დახურული სკოლები, შეფერხებები სატრანსპორტო გადაზიდვებში - ეს არის ევროპის აღმოსავლეთ საზღვართან არსებული რეალობა 2026 წელს.
ხვალ ეს იქნება აღმოსავლეთი საზღვრის გასწვრივ სხვა ნაწილში, ამიტომ, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არამედ რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც მიმართულია ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების დესტაბილიზაციაზე, თუმცა, ისევე როგორც უკრაინაში ბრძოლის ველზე, რუსეთი აქაც წარუმატებელია.
მზაობა უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოების მდგრადობის, ეკონომიკური პოლიტიკის და, რაღა თქმა უნდა, უსაფრთხოების სისტემის საფუძვლიანი პრინციპი. ევრობლოკის წევრი აღმოსავლეთ სახელმწიფოებიც დააწესებენ სტანდარტებს, რადგან ის, რასაც თქვენ დღეს განიცდით, შესაძლოა, დანარჩენი ევროპა ხვალ შეეჩეხოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, ევროკავშირმა იფიქროს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, მხოლოდ დასაწყისი იყოს იმ მზარდი საფრთხეებისა, რაც დასავლეთ ევროპასაც ემუქრება.
ის, რომ ბალტიური ქვეყნების თავზე ცა საკმარისად დაცული არ არის, ლიეტუვის პრეზიდენტმაც თქვა. მისი ესტონელი და ლატვიელი კოლეგების განცხადებით კი, საერთო ევროპული პასუხი უნდა იყოს შეთანხმებული, მშვიდი, თუმცა, ამავდროულად, მტკიცე, რათა მოსკოვს არ მიეცეს საშუალება, ევროპაში პროცესები საკუთარი სცენარის მიხედვით განავითაროს.
გასულ კვირაში ლიეტუვაში ბელარუსის ტერიტორიის მხრიდან შემოფრენილმა დრონმა პირველად გამოიწვია ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოში განგაში. მოქალაქეებს მობილურებზე დაეგზავნათ შეტყობინებები, გადასულიყვნენ ბომბსაფრებში ან, სულ მცირე, მორიდებოდნენ ღია სივრცეებს.
საჭირო გახდა ლიეტუვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანა. მართალია, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინული იყო და რუსეთის სამიზნეებისკენ მიფრინავდა, მოსკოვმა კი მას გეზი შეუცვალა, ვითარების გარკვევამდე მომხდარმა მაინც პანიკა გამოიწვია.
მსგავსი ინციდენტი ლატვიაში თავდაცვის მინისტრს თანამდებობის ფასად დაუჯდა. მისი გადადგომის შემდეგ, ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა, რასაც საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, მთავრობის სრული შემადგენლობის ხელისუფლებიდან წასვლაც მოჰყვა. ექსპრემიერის თქმით, ასეთ ტურბულენტურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიები.
უპილოტო საფრენი აპარატების გააქტიურებული შეჭრის პარალელურად, ბალტიელი ლიდერები რუსეთს ადანაშაულებენ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. გასულ კვირას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს „ტერორისტულ თავდასხმებს“ რუსულ რეგიონებზე, ხოლო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს კიევი „პლაცდარმად“ იყენებს.
სამივე სახელმწიფოში მოსკოვის ეს განცხადება აღიქვეს როგორც კრემლის მიზანი, თითქოსდა „ლეგიტიმურად“ წამოიწყოს საბრძოლო მოქმედებები ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ფიქრობენ, რომ უკრაინული დრონების მათ ტერიტორიაზე გადამისამართებით, რუსული მხარე ცდილობს, ისინი კიევის წინააღმდეგ განაწყოს.
2030 წლისთვის ევროპის გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიამ 800 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის ფლანგისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის ისეთი პროექტის განსახორციელებლად, როგორიცაა „დრონების კედელი“ - ეს პროექტი 2027 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს.
მისი სისტემა მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან გამკლავებას 5G ანძებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომუშავე გადამჭერი ელემენტების საშუალებით.
