კატეგორიები

რუსული „ორეშნიკის“ საფრთხეები და შესაძლებლობები

რუსული „ორეშნიკის“ საფრთხეები და შესაძლებლობები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 მაისის ღამით უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ საჰაერო იერიშებში რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა, მართვადი ბალისტიკური საფრენი აპარატი კვლავ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში.

მართალია, რუსულ საოკუპაციო არმიას დარტყმებისას ბირთვული ქობინი არ გამოუყენებია, თუმცა კრემლი მუდმივად იმუქრება, რომ „ამის საჭიროება ერთ დღესაც დადგება“.

უკრაინისთვის არც ეს მუქარებია ახალი და არც ზოგადად „ორეშნიკის“ გამოყენება მის ტერიტორიაზე. ბალისტიკური რაკეტის ერთგვარ საცდელ პოლიგონად 2024 წლის ნოემბერში იქცა დნიპრო, როდესაც ქალაქის თავზე ღამით მოსახლეობამ უჩვეულო ნათება იხილა. ანალოგიურად მოიქცა მოსკოვი ქალაქ ლვივის შემთხვევაში, 2026 წლის 9 იანვარს.

კრემლი ირწმუნებოდა, რომ დარტყმისას რაკეტა „ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას ქმნის“ და შეუძლია სამიზნეებისა და მის რადიუსში არსებული ტერიტორიის სრულად განადგურება, თუმცა, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დნიპროსა და ლვივზე მიტანილი იერიშების შედეგები დიდად არ განსხვავდებოდა სხვა რაკეტებით მიტანილი იერიშებისგან.

ვლადიმერ პუტინმა „ორეშნიკს“ არაერთხელ უწოდა „ულტრათანამედროვე“ იარაღი, რომელსაც, მისი მტკიცებით, ერთდროულად რამდენიმე ბირთვული ქობინის გადატანა და ჰიპერბგერითი სისწრაფის განვითარება შეუძლია.

ეს საფრენი აპარატი საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს მიეკუთვნება, რომელსაც, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მტკიცებით, შეუძლია იერიშების მიტანა ევროპის დიდ ნაწილზე და თითქოს მისთვის არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის სისტემები. კრემლის ცნობით, ამის მიზეზი არის ის გარემოება, რომ „ორეშნიკი“ ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ მეტ სისწრაფეს ავითარებს.

პენტაგონი „ორეშნიკს“ ახასიათებს როგორც ექსპერიმენტულ სისტემას, რომელიც შექმნილია რუსული საკონტინენტთაშორისო სახმელეთო ბალისტიკური რაკეტა „რუბეჟის“ ბაზაზე.

არც ეს დახასიათება და არც მსგავსი შეფასება არ მოსწონთ კრემლში. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ეს არა საბჭოთა პერიოდში შექმნილი საბრძოლო აპარატის მოდერნიზებული ვერსია, არამედ სრულიად ახალი და „ინოვაციური“ შეიარაღებაა, რომელიც 2023 წელს მისივე ბრძანების საფუძველზეა შექმნილი.

2025 წლის ბოლოსთვის „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემები მოსკოვმა ბელარუსის ტერიტორიაზე განალაგა, რასაც მოჰყვა ვლადიმერ პუტინის მუქარა დასავლეთისადმი, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს რაკეტა გამოიყენოს კიევის იმ მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებმაც უკრაინას, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, შორი მანძილის რაკეტებით დარტყმის უფლება მისცეს.

დაკავშირებული ამბები
რუსული „ორეშნიკის“ საფრთხეები და შესაძლებლობები რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს