პეკინში თითქმის ერთი კვირის შუალედით გამართულმა შეხვედრებმა ანალიტიკოსებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გამოარჩია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჯერ აშშ-ის პრეზიდენტი ეწვია, შემდეგ კი რუსეთის.
ერთი შეხედვით, ორივე ვიზიტისას არსებობდა მსგავსებები, თუმცა შესამჩნევი იყო განსხვავებებიც, მათ შორის კომუნიკაციისა და სასაუბრო თემების გათვალისწინებით.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინსაც სი ძინპინი ტიანანმენის მოედანზე ოფიციალური საზეიმო ცერემონიით დახვდა, სპეციალურად გამოწყობილი მოცეკვავე ბავშვებით, სამხედროებითა და აღლუმით. ორივე ლიდერისთვის ჩინეთის პრეზიდენტმა გამონახა დრო დახურულ კარს მიღმა შეხვედრებისთვის.
რამდენიმე მსგავსების მიუხედავად, განსხვავებული იყო ვიზიტის მიზნები - დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ჩინეთი ცდილობდა შტატებთან ურთიერთობების დასტაბილურებას იმ ხანგრძლივი და საკმაოდ სერიოზული დაძაბულობის შემდეგ, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სავაჭრო ომში გადაზარდეს.
მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა საერთო ენის გამონახვა პირისპირ, შუამავლების გარეშე შეძლეს - პუტინისგან განსხვავებით, ტრამპმა პეკინში ერთი დღით მეტი გაატარა, დელეგაციაში უფრო დიდი შემადგენლობით, რომელთა შორისაც იყვნენ წამყვანი ამერიკული კორპორაციების ტოპ მენეჯერები.
განსხვავებული იყო რიტორიკაც. აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას, სი ძინპინმა აქცენტები მიაპყრო პეკინსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი კავშირების გაუმჯობესებასა და შემდგომ გაღრმავებას. მისივე სიტყვებით, ორმა ქვეყანამ ერთმანეთი უნდა განიხილოს როგორც პარტნიორი და არა - მეტოქე.
ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში, სი ძინპინი ყურადღებას მეტწილად ამახვილებდა თანამშრომლობას ენერგეტიკულ სფეროში, განსაკუთრები ნავთობისა და ბუნებრივი აირის მხრივ, რის შესყიდვასაც პეკინი მოსკოვისგან უფრო დიდი რაოდენობით გეგმავს, რადგან ჩინეთი იმპორტდამოკიდებული სახელმწიფოა, ჰორმუზის სრუტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კი აზიური ქვეყანა თითქმის ენერგოკრიზისის წინაშე დააყენა. პუტინმა ამ სექტორს ორი ქვეყნის ეკონომიკის „გამწევი ძალა“ უწოდა.
ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში არც ისე დიდი მონაგარით დაბრუნდა - როგორც აღმოჩნდა, მოსკოვმა და პეკინმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას გაზსადენ „ციმბირის ძალა-2“-ზე, რომელიც უზრუნველყოფდა, მონღოლეთის გავლით, ჩინეთში რუსული გაზის მიწოდებას.
სამაგიეროდ, ლიდერებმა კამერების წინ ხელი მოაწერეს 40 შეთანხმებას, მათ შორის იმასაც, რომელშიც ჩინეთი და რუსეთი „მულტიპოლარულ სამყაროში ძალის მნიშვნელოვან ცენტრებად“ არიან მოხსენებული.
რუსულისგან განსხვავებით, ვაშინგტონის დელეგაცია ჩინეთიდან შინ ერთობლივი დეკლარაციის გარეშე დაბრუნდა. ამერიკულმა მხარემ მხოლოდ ვიზიტის შემდგომ განაცხადა, რომ ჩინეთი შეთანხმდა 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და 200 ერთეული Boeing-ის შესყიდვაზე.
ლიდერების ვიზიტი სხვა მხრივაც იყო განსხვავებული - მოსკოვი ტაივანის საკითხზე პეკინის პოზიციას იზიარებს, ვაშინგტონი კი სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს კუნძულოვან დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად თვლის. სი ძინპინმა დონალდ ტრამპს მკაფიოდ განუცხადა, რომ ამ თემის ირგვლივ ნებისმიერ ხისტ ნაბიჯს ან დაუდევრობას შეუძლია, მასშტაბური კონფრონტაცია გამოიწვიოს.
ასეთი მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტს ჩინელმა კოლეგამ ექსკურსია მოუწყო, თანაც საიმპერატორო ბაღში, სადაც ახლა ჩინეთის უმაღლესი მმართველობის შტაბ-ბინა მდებარეობს.
პეკინში კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად მისდამი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იყო საჭირო და ისეთი დახვედრის მოწყობა, როგორსაც სხვა ქვეყნების ლიდერები მიჩვეულნი არ არიან, მით უმეტეს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელს უყვარს VIP-სტუმრის როლში ყოფნა.
ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოა, მსგავსად ჩინური მხარე არ მოექცა ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი აზიურ ქვეყანას მეორედ ეწვია, რუსეთის პრეზიდენტი კი - 25-ედ.
