სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული სადაზვერვო დოკუმენტების მიხედვით, გასული წლის ბოლოს ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საკუთარ ტერიტორიაზე ფარულად გადაამზადეს 200-მდე რუსი სამხედრო, რომელთა ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე საბრძოლველად გაგზავნეს.
სამი სხვადასხვა ევროპული სადაზვერვო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სწავლება და გადამზადება ძირითადად მოიცავდა საომარ მოქმედებებში უპილოტო საფრენი აპარატების სწორად გამოყენებას, რაზეც პეკინი და მოსკოვი 2025 წლის 2 ივლისს შეთანხმდნენ, ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის ფარგლებში. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსული სამხედრო შენაერთები შეძლებდნენ სწავლებების გამართვას ჩინურ ბაზებზე, პეკინსა და ნანკინში.
მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს, რომ სწავლება ასევე მოიცავდა სახმელეთო ჯარების ავიაციისა და მექანიზებული ქვეითი ჯარის გაწვრთნას, ასევე ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მოქცევის წესებს, განაღმვით სამუშაოებსა და უპილოტო საფრენ აპარატებთან გამკლავებას, მათ შორის რადიელექტრული ბრძოლის გზით.
საგულისხმოა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებენ რუსული საოკუპაციო ჯარების ქმედებებზე, სადაც ისინი აშკარად ამ მეთოდით უცვლიან გეზს რუსეთის სამიზნეებზე მიმართულ უკრაინულ დრონებს, რის შედეგადაც ბევრი მათგანი ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში იჭრება.
ევროპელი მაღალჩინოსნების აზრით, მოსკოვი ამ ფორმით ცდილობს პროვოკაციების მოწყობას და მათ განწყობას კიევის საწინააღმდეგოდ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ უთხრა, რომ რუსი სამხედროების სწავლებით ჩინეთი ირიბად, თუმცა უფრო მეტად ცდილობს დაეხმაროს მოსკოვს, ვიდრე მანამდე.
მიუხედავად ამისა, პეკინი კატეგორიულად უარყოფს რაიმე ფორმით ჩართულობას რუსეთ-უკრაინის ომში და აცხადებს, რომ მომხრეა ეს სამხედრო დაპირისპირება რაც შეიძლება მალე, მშვიდობიანი გზით დასრულდეს.
ინფორმაცია რუსი სამხედროების ფარული წვრთნების შესახებ ცნობილი გახდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი აზიურ ქვეყანას ეწვია და სი ძინპინს ხვდებოდა. მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ გაახანგრძლივებენ ორმხრივ ხელშეკრულებას „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“, რასაც თან დაერთო კიდევ 24 შეთანხმების გაფორმება.
დასავლური სახელმწიფოები უკვი დიდი ხანია, ადანაშაულებენ ჩინეთს რუსეთისთვის ირიბი სამხედრო-ლოჯისტიკური დახმარების გაწევაში, რაც მოიცავს შეიარაღების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების მიწოდებასაც.
სავარაუდოა, რომ ირანის ომის შემდეგ, როდესაც თეირანს თავად სჭირდება თავდაცვის გაძლიერება და აშშ-ისრაელთან ჯერ კიდევ მიმდინარე კონფლიქტთან გამკლავება, ისლამური ქვეყანა ვეღარ დაეხმარება მოსკოვს თავისი „შაჰედის“ ტიპის დრონებით იმ რაოდენობით, როგორც მანამდე.
ამიტომ, კრემლს მოუწევს ახალი ბაზრების ძებნა უპილოტო საფრენი აპარატების შესასყიდად ან მათი წარმოებისთვის აუცილებელი ნაწილების შესაძენად, რისთვისაც ერთადერთ გამოსავლად ჩინეთი რჩება.
