კატეგორიები

გრენლანდიისადმი აშშ-ის ინტერესი კვლავ აქტუალურია

გრენლანდიისადმი აშშ-ის ინტერესი კვლავ აქტუალურია
Copyright AP Photo

გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ ლენდრიმ, რომელიც ამავდროულად ლუიზიანას შტატის გუბერნატორის პოსტს იკავებს, განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის დადგა დრო, კვლავ გაზარდოს გრენლანდიაში თავისი სამხედრო შესაძლებლობები.

მსოფლიოს უდიდესი კუნძულის დედაქალაქ ნუუკში ვიზიტისას, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს, ჩრდილოეთ ნაწილში ეროვნული ინტერესების დასაცავად.

მისივე მტკიცებით, ყველას, ვისაც ვიზიტის დროს გაესაუბრა, სურს, აშშ-მა კვლავ განალაგოს სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში არსებულ ბაზებზე. ჯეფ ლენდრის თქმითვე, ეს ტერიტორიები აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს და ვაშინგტონს „აუცილებლად ესაჭიროება“.

სხვადასხვა მონაცემით, ცივი ომის პერიოდში, ამერიკას გრენლანდიის ტერიტორიაზე 17 სამხედრო ობიექტი და 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა განლაგებული. ამჟამად კუნძულზე მხოლოდ ერთი ამერიკული ბაზა არსებობს - პიტუფიკის კოსმოსური ბაზა, რომელიც ომის სამდივნოს დაქვემდებარებაში არსებულთაგან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ობიექტია. ის გამოიყენება ადრეული შეტყობინებების სისტემისთვის, ანტისარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსის მონიტორინგისთვის.

„რესპუბლიკელი“ წარმომადგენლის სიტყვები არაერთხელ გამხდარა ვნებათაღელვის მიზეზი, როგორც გრენლანდიაში, ისე დანიაში. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, სწორედ ამ სკანდინავიური სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია და მის ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს.

გრენლანდიის მშვიდობიანი ცხოვრება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნებამ დაარღვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა არამხოლოდ ვაშინგტონიდან, არამედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდანაც არაერთხელ გააჟღერა კუნძულის 53-ე შტატად შემოერთების იდეა, კანადისა და ვენესუელის შემდეგ.

მისი თქმით, კუნძულზე კონტროლის დამყარება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში კი ამას ჩინეთი და რუსეთი გააკეთებდნენ, რაც, მისივე განმარტებით, მსოფლიო წესრიგს დაარღვევდა.

ამ განცხადებებმა მნიშვნელოვანი ბზარი გააჩინა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. ევროპელი ლიდერები ამბობდნენ, რომ „არავის მისცემდნენ შანტაჟითა და დაშინებით ტერიტორიის დათმობის უფლებას“ და რომ საზღვრების ცვლილება ძალისმიერი მეთოდებით მიუღებელია, მით უმეტეს, როცა დასავლეთი ნახევარსფერო, წესით, დემოკრატიულ ღირებულებებს წარმოადგენს.

დაკავშირებული ამბები
გრენლანდიისადმი აშშ-ის ინტერესი კვლავ აქტუალურია აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუბის ექსპრეზიდენტს, რაულ კასტროს