კატეგორიები

აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუბის ექსპრეზიდენტს, რაულ კასტროს

აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუბის ექსპრეზიდენტს, რაულ კასტროს

კუბის კომუნისტური ხელისუფლების შეცვლისკენ ვაშინგტონმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ეკონომიკურ ბლოკადას ამჯერად სამართლებრივი ზომა მოჰყვა.

აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუნძულოვანი ქვეყნის ექსპრეზიდენტსა და კომუნისტური რევოლუციის მეთაურის, ფიდელ კასტროს უმცროს ძმას, 94 წლის რაულ კასტროს.

ყოფილ პოლიტიკურ ფიგურას ამერიკული მხარე ბრალს სდებს 1996 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც მისი ბრძანებით ჩამოაგდეს მაიამიში მცხოვრები ემიგრანტების კუთვნილი ორი მცირე ზომის სამოქალაქო თვითმფრინავი.

ბორტი ემსახურებოდა იმ მოქალაქეთა კუბიდან გაყვანას, ვისაც, კომუნისტური მმართველობის რეპრესიების გამო, სურდა კუნძულოვანი ქვეყნის დატოვება, რასაც კასტროს მთავრობა მკაცრად ეწინააღმდეგებოდა.

„თითქმის 30 წელი ოთხი დაღუპული ამერიკელის ოჯახები ელოდნენ სამართლიანობის აღდგენას. ეს იყვნენ უიარაღო სამოქალაქო პირები, რომლებიც ჰუმანიტარულ მისიას ატარებდნენ ადამიანების დასაცავად და გადასარჩენად.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია დამტკიცებული, რაულ კასტრო და მისი ხუთი თანამზრახველი მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომელიც დასრულდა იმით, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები გაუშვეს სამოქალაქო ბორტების მიმართულებით, რის შედეგადაც ოთხი ამერიკელი დაიღუპა.

ჩემი დღევანდელი გზავნილი მკაფიოა: ამერიკასა და პრეზიდენტ ტრამპს არ ავიწყდებათ და არც დაავიწყდებათ თავიანთი მოქალაქეები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა.

ბრალდებულ რაულ კასტროსა და მისი გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც კუბას აკონტროლებენ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისა და ამერიკის მითითების დამორჩილებისკენ მოუწოდეს ვაშინგტონიდან, სხვა შემთხვევაში, მათივე თქმით, კასტრო „სხვა გზით მოხვდება საპყრობილეში“.

„ესპანურად მოგმართავ შენ, ბატონო რაულ კასტრო, რომ 95 წლის ასაკში შენთვის, შენი შვილებისა და შვილიშვილისთვის, კასტროს გვარის ყველა წარმომადგენლისთვის ყველაზე ჭკვიანური იქნება, წახვიდეთ. თქვენ ყური უნდა უგდოთ პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს.

და თუკი თქვენ 95 წლის ასაკში არ მიაქცევთ ამას ყურადღებას, უპასუხისმგებლობა იქნება, არ იფიქროთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილზე, რადგან თუ დემოკრატიული ძალები მოვიდნენ, ისინი კი დარჩნენ, ჩვენ აღარ გამოვიჩენთ ასეთ მოწყალებას.

შეხედეთ მადუროს. ის მშვენიერი მაგალითია.

ჩვენ ვსაუბრობთ თეთრ სახლში მყოფ ადამიანზე, რომელიც ადმინისტრაციაში ბოლო ვადითაა და სურს, შევიდეს ისტორიაში და დატოვოს დასავლეთი ნახევარსფერო თავისუფალი. მან ეს უკვე გააკეთა ვენესუელაში, ახლა იმავეს გაკეთებას აპირებს კუბაში, შემდეგ კი - ნიკარაგუაში. ის აპირებს, დატოვოს ეს ნახევარსფერო თავისუფალი, მეგობრებითა და კეთილდღეობით სავსე“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარია ელვირა სალაზარმა.

მედიასთან საუბრისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, მიმართავს თუ არა ის კუბაშიც ვენესუელის მსგავს სცენარს, თუმცა კვლავ გაიმეორა ვაშინგტონის მიზნები.

„კუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს კასტროსთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი ძალიან დაზარალდა - იმდენად, რომ ცოტა თუ შეძლებს ამის გაგებას.

ვფიქრობ, მაიამის კუბელი მოსახლეობა და სხვა ის ადამიანები, რომელთა ოჯახები განადგურდა, აფასებენ, რაც დღეს გააკეთა გენერალურმა პროკურორმა.

კუბა ჩვენს დღის წესრიგშია. ეს საკითხი ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა წლების განმავლობაში და, ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი მომენტია არამხოლოდ ამერიკაში მცხოვრები კუბელებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც კუბიდან ჩამოვიდა და სურს სამშობლოში დაბრუნება და ოჯახების ნახვა...

ვნახოთ, რა მოუვა კუბას. ეს არშემდგარი სახელმწიფოა, რომელიც იშლება. მათ არც ნავთობი აქვთ, არც ფული. ჩვენ იქ ვიქნებით ოჯახებისა და რიგითი მოქალაქეების დასახმარებლად. ამ ადამიანებიდან ბევრი ჩემთან არის დაკავშირებული. ვგულისხმობ, რომ მშვენიერი ურთიერთობები მქონდა კუბელ ამერიკელებთან. 94%-ით დამიჭირეს მხარი. ეს საკმაოდ კარგი შედეგია. ამიტომ, ჰუმანიტარული გზით უნდა დავეხმაროთ მათ.

ესკალაცია არ იქნება. არამგონია, ეს საჭირო იყოს. ეს ადგილი ისედაც იშლება და ქაოსია. მათ დაკარგეს კონტროლი კუბაზე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის მიერ რაულ კასტროსთვის წარდგენილ ბრალდებებს გამოეხმაურა კუბის მოქმედი პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი, რომლის თქმითაც ვაშინგტონს არ აქვს „არანაირი იურიდიული საფუძველი“ და ეს ნაბიჯი „მიზნად ისახავს, გაამართლოს სამხედრო აგრესია კუბის წინააღმდეგ“.

მისივე მტკიცებით, 1996 წლის 24 თებერვალს კუბა ლეგიტიმურად მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით და საკუთარ ტერიტორიულ წყლებს იცავდა მას შემდეგ, რაც, ჰავანას შეფასებით, რამდენჯერმე უხეშად დაირღვა კუბის საჰაერო სივრცე ტერორისტული ძალების მიერ.

„არმიის გენერლის, რაულ კასტროს წინააღმდეგ, აშშ-ის მთავრობის მიერ ახლახან წარდგენილი ბრალდება, მხოლოდ ამხელს იმპერიის წარმომადგენელთა ქედმაღლობასა და იმ იმედგაცრუებას, რომელსაც ისინი კუბის რევოლუციის ურყევი სიმტკიცისა და მისი ხელმძღვანელობის ერთიანობისა და მორალური ძალის მიმართ გრძნობენ.

ამერიკა ტყუის და ამახინჯებს 1996 წელს, ნარკო-ტერორისტული ორგანიზაციის თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტური მტკიცებულებების სიმრავლის გათვალისწინებით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი დაუფიქრებელი ქმედება არ განხორციელებულა და არც საერთაშორისო სამართალი დარღვეულა, მაშინ როცა თავად ამერიკის სამხედრო ძალები კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ წინასწარ გათვლილი და საჯაროდ გამოცხადებული არასასამართლო მკვლელობებით მოქმედებდნენ“, - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა.

მიგელ დიას-კანელის მტკიცებით, ფიდელ და რაულ კასტროების მმართველობის პირობებში, კუბაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, ქვეყნის მოსახლეობისგან კი ლიდერებმა დაიმსახურეს უზომო სიყვარული და პატივისცემა, ხოლო ამერიკული მხარე ცდილობს რაულ კასტროს გმირული სტატუსის დაკნინებას.

ვაშინგტონის მიერ წარდგენილ ბრალდებებს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა კუნძულოვან ქვეყანაში. მოსახლეობის ნაწილი ამ ნაბიჯს გმობს და კუბის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქვამს - ეს აზრი მეტად საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა შორის არის გავრცელებული:

„არავინ დევნის დონალდ ტრამპს. ამას გარდა, მაგალითად ავიღოთ თვითმფრინავების ჩამოგდება. ეს რომ პირიქით მომხდარიყო და კუბას გაეგზავნა ბორტი ამერიკაში და ჩვენ ჩავსულიყავით მაიამიში, რა მოხდებოდა? თიხის თეფშივით ჩამოგვაგდებდნენ „პეტრიოტის“ რაკეტებით. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?“

ნაწილი კი ფიქრობს, რომ დროა, დასრულდეს კომუნისტური მმართველობა, თუმცა არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით:

„ორივე მთავრობა უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და შეთანხმდეს. არ ვისურვებდი კუბაში სამხედრო ჩარევას, რადგან მეც და ჩემი შვილიც გარეთ ვვაჭრობთ და არამგონია, სამხედრო ჩარევა კარგი აზრი იყოს. დღეს ხელისუფლებაში სხვა პრეზიდენტია და არამგონია, კუბაში ცვლილებებისთვის აუცილებელია რომელიმე ერთი ადამიანის დევნა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“.

პოლიტიკური ცვლილებების და ვაშინგტონის შესაძლო ოპერაციის მოლოდინში, კუბაში ვითარება მწვავდება.

საავიაციო საწვავის ამოწურვისა და სანქციების გამო, მუშაობა კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ შეაჩერა, რომელმაც 20 მაისს ჰავანას მიმართულებით ბოლო რეისი შეასრულა და მისი კუთვნილი ხომალდები ახლა ამ ქალაქის საერთაშორისო აეროპორტში დაიდებენ ბინას - რამდენი ხნით, ჯერჯერობით რთული სათქმელია.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კუბის მოსახლეობას ესპანურ ენაზე მიმართა და ქვეყნის კომუნისტური ხელმძღვანელობა ყაჩაღობაში, კორუფციასა და ადგილობრივთა შევიწროვებაში დაადანაშაულა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, კასტროს ოჯახის მიერ შექმნილი კომპანია GAESA მთელ კუბაზე მონოპოლიას ფლობს, მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს, მოსახლეობა კი სიღარიბეში იტანჯება.

დაკავშირებული ამბები
აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუბის ექსპრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს