წავა თეირანი დიპლომატიურ დათმობებზე თუ ამჯობინებს ისევ სამხედრო გზით დაუპირისპირდეს ვაშინგტონს? - ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წარმოებული ომი, რომელიც „სულ რამდენიმე კვირა“ უნდა გაგრძელებულიყო, მალე სამ თვეს აითვლის.
მიუხედავად ამჟამად გაურკვეველი დროით შეჩერებული აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, ცეცხლის შეწყვეტაც და კონფლიქტის ზონაში გამოცხადებული მშვიდობაც მყიფეა.
ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე Truth Social გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო წარწერით: „ეს იყო სიმშვიდე ქარიშხლის წინ“.
ამ ფონზე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება, შესაძლოა, ხუთი სხვადასხვა სცენარით წარიმართოს და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება.
აღნიშნულს ხელს უწყობს, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ტრამპის ცვალებადი პოლიტიკა ირანთან დაკავშირებით, თუმცა უცვლელი მოთხოვნით, ხოლო, მეორე მხრივ, თეირანის მმართველი გასამხედროებული დაჯგუფების, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ საპასუხო მუქარები და განცხადებები „ეროვნული ინტერესების დაცვის“ შესახებ.
სცენარი 1: ომის განახლება
ექსპერტთა მოსაზრებით, არსებული მოცემულობის მიხედვით, ყველაზე რეალურია ომის განახლების სცენარი, რაც იქნება იძულებითი ქმედება დონალდ ტრამპის მხრიდან, მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობების შემთხვევაში.
ამასთან, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს გზა ვაშინგტონისთვის იქნება გარკვეული ტესტი, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის გაფრთხილებები „უფრო მასირებული დარტყმების“ შესახებ მხოლოდ სიტყვებით ვეღარ შემოიფარგლება და არ მისცემს მას საშუალებას, უკან დაიხიოს.
სცენარი 2: „დათმობების პოლიტიკა“
მეორე სცენარი ეფუძნება იმის დაშვებას, რომ თეირანი გარკვეულ დათმობებზე წავა, რაც ყველაზე სასურველი შედეგი იქნებოდა მსოფლიო ეკონომიკისთვის. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს იქნებოდა „ორმხრივი დეესკალაცია“, რომელსაც მხარეები მიაღწევდნენ პაკისტანის ან კატარის მსგავსი შუამავლების დახმარებით.
ამერიკული გამოცემა Newsweek-ის სტატიაში ნათქვამია, რომ, რეალურად, ირანი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში არსებულმა დაძაბულობამ კომერციული ხომალდების გადაადგილება შეაფერხა, გაზარდა ნავთობის ფასები და თავად ისლამური ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიპლომატიის გზით შეთანხმება ტრამპისთვისაც სარფიანია, რადგან შტატებში ნედლეულზე გაზრდილ ფასებს უკმაყოფილება უკვე მოჰყვა, „რესპუბლიკელებისთვის“ კი ეს, შესაძლოა, შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური არჩევნების შედეგებში აისახოს.
შეთანხმების ამ გზით სისრულეში მოსაყვანად, ექსპერტების თქმით, საჭიროა ფორმულის პოვნა, რომელიც აიძულებს ირანს აჩვენოს, რომ ის არ არის დამარცხებულის პოზიციაში, ხოლო ვაშინგტონი სრულფასოვნად შეძლებს შედეგიანი ოპერაციის გამოცხადებას.
სცენარი 3: „ჩაკეტილი წრე“
ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, ომმა ე.წ. „ჩაკეტილი წრის“ ხასიათი მიიღოს, რაც გულისხმობს სამხედრო მოქმედებების განახლებასა და ერთმანეთის პოზიციებზე იერიშების მიტანას, ხომალდების მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას, შემდგომ კი შუამავლების მეშვეობით დიალოგის მცდელობა იმ ფონზე, როცა ყველა მხარე აცხადებს, რომ „ვითარებას აკონტროლებს“.
სცენარი 4: სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ
თეირანის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, ექსპერტების შეფასებით, არც ის არის გამორიცხული, ომში ოფიციალურად ჩაებან სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რადგან მათ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმები ბევრჯერ იწვნიეს - მაშინაც კი, როცა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები შეჩერებული იყო. თუკი მარტში სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დარტყმებს ირანი იმით ამართლებდა, რომ იქ ამერიკული სამხედრო პოზიციები იყო განლაგებული, ახლა სამიზნე აშკარად სხვა ინფრასტრუქტურაა.
ანალიტიკოსები ამ სცენარს ყველაზე სახიფათოს უწოდებენ, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობა ვაშინგტონის მოკავშირეა და, იქიდან გამომდინარე, რომ საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკვე არაერთხელ გააფრთხილეს ირანი საპასუხო დარტყმებით, შესაძლოა, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იერიშები თეირანს ძვირად დაუჯდეს.
სცენარი 5: წნეხი საბრძოლო მოქმედებების გარეშე
ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დრამატური სცენარი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა ირანული პორტების ბლოკადის შენარჩუნება, სანქციების პოლიტიკის გაგრძელება და დიპლომატიური წნეხი, რაც ირანის ეკონომიკას დაასუსტებს და აიძულებს ქვეყანას, საბოლოოდ დათანხმდეს მისთვის მანამდე მიუღებელ პირობებს, რადგან თეირანს აღარ ექნება ელემენტარული შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობის ინტერესები და თუნდაც უზრუნველყოს ისინი შრომითი ანაზღაურებით.
