უნგრეთის მთავრობა უკრაინაში რუსეთის მასშტაბურ იერიშებს გმობს და რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა უწყებამ უნგრეთში რუსეთის ელჩი ევგენი სტანისლავოვი დაიბარა. მისი დაბარების მიზეზი უკრაინისა და უნგრეთის საზღვართან ახლოს, ზაკარპატიის ოლქზე მიტანილი რუსული დრონების მასშტაბური იერიში იყო.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩმა დაახლოები 30 წუთი დაჰყო. შეხვედრის შემდეგ კი მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. როდესაც რუსეთის ელჩი მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობიდან გადიოდა, აქტივისტმა უნგრულად მიმართა: „ამხანაგო, ყველაფერი დასრულდა!“
„რუსეთის ელჩი ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე ზაკარპატიის ოლქზე რუსული დრონების თავდასხმის გამო. ჩვენი შეხვედრა ახლახან დასრულდა. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ უნგრეთის მთავრობა გმობს რუსეთის თავდასხმას. ჩვენ ველით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რუსეთის ელჩს ვუთხარი, რომ უნგრეთისთვის სრულიად მიუღებელია ის, რომ ისინი თავს ესხმიან ზაკარპატიის ოლქს, უნგრელი უმცირესობის სამშობლოს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ომის მშვიდობიანი და მდგრადი დასრულებისთვის რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს“, - განაცხადა უნგრეთის საგარე საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა.
რუსეთმა 13 მაისს, დღისით, მასშტაბური იერიშები მიიტანა უკრაინის დაახლოებით 20 რეგიონზე, მათ შორის ზაკარპატიის ოლქზე. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაბომბვის დროს რუსულმა არმიამ 800-ზე მეტი დრონი გამოიყენა. უკრაინის პრეზიდენტი ბუდაპეშტის ნაბიჯს მიესალმა და განაცხადა, რომ უნგრეთის მხრიდან რუსეთის ელჩის დაბარება მნიშვნელოვანი გზავნილია. მან უნგრეთის ახლად არჩეულ მთავრობას პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთის ელჩის დაბარება იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილების ნათელი მაგალითია, რომელიც უნგრეთში ახალი მთავრობის დამტკიცებას მოჰყვა. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანის მთავრობა დაამარცხა, ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ იმ მემკვიდრეობას და პოლიტიკას შეცვლიდა, რომელიც მისმა წინამორბედმა მთავრობამ 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა, მათ შორისაა ბუდაპეშტსა და მოსკოვს შორის მრავალწლიანი თბილი ურთიერთობების გადახედვაც, რაც ელჩის დაბარებაშიც აისახა. რუსეთის მთავრობას ჯერჯერობით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
