უნგრეთ-უკრაინის საზღვრთან მიტანილი რუსული იერიშის გამო, უნგრეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი დაიბარა. უნგრეთის ახალად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ამის შესახებ მისი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. უნგრეთს ახალი მთავრობის სხდომა უნგრეთის ქალაქ ოპუსტასერში გაიმართა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისმა ახალად ჩამოყალიბებულმა მთავრობამ რუსეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს ზაკარპატიის ოლქში, სადაც უნგრელებიც ცხოვრობენ, დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა.
„უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიის ოლქზე, იქ უნგრელებიც ცხოვრობენ. ხვალ დილით ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს დაიბარებს. ისიც იმავეს ეტყვის მას. ასევე მოითხოვს იმის გარკვევას, თუ როდის დაასრულებენ რუსეთი და ვლადიმირ პუტინი ამ სისხლიან ომს, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხანია გრძელდება“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.
აპრილში, ვიქტორ ორბანის ისტორიულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პეტერ მადიარმა პირობა დადო, რომ მისი წინამორბედის 16-წლიანი მმართველობის შედეგებს გამოასწორებს. რუსეთის ელჩის დაბარებაც ამ პროცესის ნაწილია, რაც ვიქტორი ორბანის მთავრობის მოსკოვთან მეგობრული პოლიტიკის გადახედვის წინაპირობაა. პეტერ მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციის დამარცხებაა. მთავრობის სხდომაზე მან ვიქტორ ორბანის მთავრობის მიმართ არსებულ კორუფციის ბრალდებებზე გაამახვილა ყურადღება.
„მესმის, რომ საერთაშორისო კრიმინალური ქსელის ორმა წევრმა უნგრეთი უკვე დატოვა. ამას ველოდი. რეალურად, ვიქტორ ორბანი აქ საერთაშორისო კრიმინალურ ბუნაგს მართავდა. სავარაუდოდ, სანაცვლოდ რაღაცას ელოდა. ახლა შესაძლოა, იმას ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ჯიბის ფულად გადააქციოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ეს მოვსპეთ, რადგან სწორი არ არის, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ძალიან მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებული, იმალებოდნენ ევროკავშირში ან ჩვენს ქვეყანაში, თან საცხოვრებლისა თუ სხვა საჭიროებებისთვის ჩვენი გადასახადებით იღებდნენ ფულს ან თუნდაც სამუშაოს შოულობდნენ“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.
მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მომდევნო დღეების განრიგი გააცნო. მისი პირველი ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტი პოლონეთში შედგება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება. ამის შემდეგ პეტერ მადიარი ავსტრიას ეწვევა, სადაც ავსტრიის კანცლერთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
