კატეგორიები

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი კუბის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას გეგმავს

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი კუბის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას გეგმავს
Copyright Reuters
ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი გეგმავს ბრალი წარუდგინოს კუბის ექსპრეზიდენტს, რაულ კასტროსა და კუნძულოვანი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

CBS-ის ინფორმაციით, საუბარია 1996 წელს განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც კუბის თავზე ჩამოაგდეს ორი თვითმფრინავი, რომელიც, რეპრესიების გამო, ქვეყნის დატოვების მსურველ ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებოდა და ერთ-ერთ ორგანიზაციას ეკუთვნოდა. იმ პერიოდში კუნძულოვანი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს სწორედ რაულ კასტრო ხელმძღვანელობდა.

ანალიტიკოსების ცნობით, თუკი ამერიკული მხარე მართლაც გადაწყვეტს, სულ მცირე ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი 94 წლის ექსპრეზიდენტისთვის ბრალდების წარდგენას, ეს იქნება აღქმული, როგორც კუბაში ვენესუელის 2026 წლის 3 იანვრის სცენარის გამეორება და ვაშინგტონის მხრიდან ჰავანაზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ და ხაზგასმით - ზოგჯერ ხუმრობით, ზოგჯერ კი მუქარისშემცველი რიტორიკით აცხადებდა, რომ სურს კუბის კომუნისტური ხელისუფლების დამხობა.

სულ ბოლოს ამ საკითხზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ვისი თქმითაც, ყველა ის ეკონომიკური პრობლემა, რომლითაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა იტანჯება სწორედ „არაკომპეტენტური კომუნისტი მმართველობის დამსახურებაა“.

მანვე თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა, დაეხმაროს კუბას 100 მილიონი დოლარით იმ პირობით, თუ ამ თანხას მოსახლეობას კათოლიკური ეკლესია უწილადებს და არა პოლიტიკური მაღალჩინოსნები.

მიუხედავად მსგავსი დაძაბულობისა, ჰავანასა და ვაშინგტონს შორის საკმაოდ მაღალ დონეზე გრძელდება მოლაპარაკებები. 13 მაისს კუბაში დაეშვა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ჯონ რეტკლიფის თვითმფრინავი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის შეხვდა კუბის დაზვერვის უფროსს რამონ რომერო კურბელოსა და სხვა მაღალჩინოსნებს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია, ისევე როგორც მანამდე, ამერიკულ მხარესა და კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელს შორის.

პარალელურად, ვაშინგტონის ბლოკადა სულ უფრო დიდ ტვირთად აწვება კუნძულოვანი ქვეყნის მოსახლეობას.

კუბის ენერგეტიკის მინისტრმა, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰავანაში ნავთობის მარაგები ამოიწურა, რასაც განსაკუთრებით ხელი შეუწყო ვენესუელიდან ტრანსპორტირების შეჩერებამ, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ.

დაკავშირებული ამბები
ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი კუბის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას გეგმავს აშშ-ში ამბობენ, რომ კუბას პრობლემებს კომუნისტური რეჟიმი უქმნის