კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს საპატიმრო გირაო შეეფარდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს საპატიმრო გირაო შეეფარდა
კიევის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მას შეეძლება პენიტენციური დაწესებულების დატოვება 2 მილიონ 700 ათასი ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემთხვევაში.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ გისოსებს მიღმა დარჩება.

მისივე თქმით, წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, დასამალი არაფერი აქვს და გეგმავს სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას:

„ყველაფრის მიუხედავად, სამართლიანობის მისაღწევად ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ყველაფერი, რაც ამ განხილვის ირგვლივ ხდებოდა, გამოწვეულია რამდენიმე თვის განმავლობაში მომდინარე წნეხით. ადვოკატის პოზიცია მოვისმინეთ, რომელმაც აჩვენა, რომ ჩემდამი წარდგენილი ყველა ბრალდება აბსოლუტურად ეწინააღმდეგებს ჩემს უფლებებს“, - განაცხადა ანდრი ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ უფროსსა და კიდევ 6 პირს ბრალად ედებათ მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ჯგუფურად მონაწილეობა, რა დროსაც, 2021-2025 წლების პერიოდში, თითქმის 10 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის თანხის გათეთრება მოხერხდა ყალბი დოკუმენტაციებისა და საბანკო ანგარიშების მეშვეობით.

სქემის მიხედვით, კიევის შემოგარენში უნდა აშენებულიყო ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსები, სპა-სალონებითა და დიდი აუზებით, რომელთა ფართობი 1 000 კვადრატულ მეტრამდე უნდა ყოფილიყო, თითოეული ობიექტის ღირებულება კი რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარად ფასდებოდა. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი ობიექტი ანდრი ერმაკისთვის იყო გათვლილი.

მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ამ თემასა და ქვეყანაში მეორე გავლენიანი პირის დაკავებაზე დუმს. გარდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობისა, ანდრი ერმაკი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მხრივ და მონაწილეობდა უმაღლესი რანგის მოლაპარაკებებში.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების საქმეში ვოლოდიმირ ზელენსკი არც მანამდე ყოფილა და არც ახლა არის გამოძიების სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკა და დაკავებები მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს შეეხოთ.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს საპატიმრო გირაო შეეფარდა კიევის სასამართლომ დაიწყო ანდრი ერმაკის საქმის განხილვა