კიევში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის საქმის სასამართლო განხილვები იმ გამოძიების ფარგლებში, რომელშიც ანდრი ერმაკი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
კერძოდ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, საუბარია 10 მილიონ 500 000 ამერიკული დოლარის თანხის ყალბი კომპანიების ქსელის, დოკუმენტაციებითა და საბანკო ანგარიშების დახმარებით უკანონო გზით ლეგალიზაციაზე.
საგამოძიებო უწყებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ანდრი ერმაკი ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრია და სამართალწარმოება იკვლევს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის იმ პერიოდს, როდესაც ის მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო, ამ საქმეში უკრაინის პრეზიდენტი არ არის და არც მანამდე ყოფილა გამოძიების სამიზნე.
ამასთან, უკრაინის პროკურატურის ცნობით, გამოკითხულთა შორის არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელსაც საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.
„გრძელდება საგამოძიებო პროცესი და მიმდინარეობს ბევრი ეპიზოდის შესწავლა, მოწმდება გამოძიების თითოეული ვერსია და წინ მივიწევთ, თუმცა წნეხის ქვეშ. მაგალითად, ამ საქმეში, რომელიც ფულის უკანონო ლეგალიზაციას ეხება, დაფიქსირდა ზეწოლა იმ ექსპერტებზე, რომლებსაც შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ.
ჩვენი ვერსიით, ეს ზეწოლა, რომელსაც ჯერ კიდევ ვსწავლობთ, არღვევს სამართალწარმოების პროცესს და, შესაძლოა, განხორციელებული ყოფილიყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან.
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გენერალური მდივნის მიმართ, ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივმა ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოგახსენეთ, რომ წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში, დავკითხეთ რუსტემ უმეროვი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, სემიონ კრივონოსმა.
სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფი კიევის შემოგარენში გეგმავდა ოთხი კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, თითოეული კონსტრუქციის ფართობი კი 1 000 კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა.
ამასთან, იგეგმებოდა კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავდა სპა-სალონებსა და აუზებს. თითოეული ამ ობიექტის სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარად ფასდება.
2018 წელს დაწყებული სამართალწარმოება ნაწილია იმ მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებებისა, რომლებიც გასული წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ბიზნესპარტნიორი სახელმწიფო ატომურ სააგენტოში 100 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის თანხის გათეთრებაში დაადანაშაულეს.
მას შემდეგ, რაც ანდრი ერმაკის სახლსა და მის ახლო გარემოცვასთან დაკავშირებულ ობიექტებში, გასული წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა, მან დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა, რაც უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პოსტად ითვლება.
