ახალი პრემიერისთვის პრიორიტეტი ევროკავშირის მიერ გაყინული დაახლოებით 17 მილიარდი ევროს დაბრუნებაა. ბრიუსელმა თანხების შეჩერების მიზეზად კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.
მადიარი ასევე გეგმავს უნგრეთის ურთიერთობების აღდგენას ევროკავშირის პარტნიორებთან და ქვეყნის დასავლურ დემოკრატიებთან დაახლოებას. მისი თქმით, უნგრეთი ბოლო წლებში რუსეთისკენ ზედმეტად გადაიხარა.
ახალი მთავრობის გეგმებში შედის სპეციალური უწყების შექმნაც, რომელიც ორბანის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო სახსრების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას გამოიძიებს. გარდა ამისა, „ტისა“ აპირებს სახელმწიფო მაუწყებლის რეფორმის გატარებასაც, რომელსაც ოპონენტები ორბანის პარტიის პროპაგანდისტულ პლატფორმად მიიჩნევდნენ.
„უნგრეთის ეკონომიკა სწორ გზაზე უნდა დავაბრუნოთ. საჭიროა ევროკავშირის ფონდების დაბრუნება და ძლიერი, ფუნქციური და ჰუმანური ქვეყნის აშენება. მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემს წვლილს შევიტან. მზად ვარ, დავეხმარო იმის გარკვევაში, როგორ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესების გამარტივება, როგორ შეიძლება გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად იქნეს მიღებული და ევროპული ეკონომიკური, ინდუსტრიული და სხვა ინტერესები უკეთ იყოს დაცული. ჩვენ შეგვუძლია, დავანახოთ, როგორ უნდა იქცეს ევროპა მსოფლიო პოლიტიკაში კვლავ ძლიერ მოთამაშედ“ - განაცხადა უნგრეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა პეტერ მადიარმა.
ფიცის დადების შემდეგ პეტერ მადიარი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.
