ირანის ომის გამო, ჩინეთში დონალდ ტრამპის მრავალჯერ გადადებულ შეხვედრას, რომელიც საბოლოოდ შედგა, ევროპა ყურადღებით აკვირდება, თუმცა კონტინენტის ქვეყნები სამიტისგან კარგს არაფერს ელიან, მით უმეტეს სი ძინპინისა და მისი ამერიკელი კოლეგის ფრაზის შემდეგ, რომ ისინი „ორი ზესახელმწიფოს ლიდერები არიან“.
აღმოჩნდება თუ არა ევროკავშირი ორ ზესახელმწიფოს შორის წნეხში, განსაკუთრებით ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ და განხილული იქნება თუ არა ევრობლოკის ინტერესები როგორც მეორეხარისხოვანი - როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად ევროპელ ლიდერებს ეს საკითხები აშინებთ - მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო შეთანხმება ჩიხშია შესული.
იშვიათი წიაღისეულისა და სასარგებლო მინერალების მიწოდების ჯაჭვში ჩინეთი დომინანტურ პოზიციებს ისევ ინარჩუნებს - ყველა ეს ელემენტი კი მრეწველობის სფეროში აუცილებელი კომპონენტია - დაწყებული ელექტრომობილებითა და ეკომეგობრული პროდუქტების წარმოებით, თავდაცვითი სისტემების შემუშავებით დასრულებული.
ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ჩინურ-ამერიკულ შეთანხმებებს შეუძლიათ, ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული გახადონ პეკინის მიერ მიწოდებული იშვიათი მინერალები და ევროპული ქვეყნები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ.
ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გერმანია და იაპონია ინვესტიციას დებენ მიწოდების ალტერნატიული ჯაჭვების განვითარებასა და პროექტებში, თუმცა პეკინის სრულად ჩანაცვლებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია.
ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში წარმოებულმა ომმა, როდესაც ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და გადაადგილების იაფი საშუალების ძიებაში ევროპელმა მომხმარებლებმა არჩევანი ჩინურ ელექტრომობილებზე შეაჩერეს, მათი წილი კი ევროკავშირის ბაზარზე თვიდან თვემდე იზრდება.
ამასთანავე, წარმოების თვალსაზრისით, ჩინური ელექტრომობილები ევროპულ მოდელებთან შედარებით 25-50%-ით უფრო იაფია.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადისას, დონალდ ტრამპის ცვალებად პოლიტიკას ჩინური მხარე ვერ ხსნიდა, თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებისას კი პეკინმა წინა გამოცდილება გადაიაზრა და ტრამპს უფრო მტკიცედ დახვდა, სადაც თავად ცდილობს, კონკრეტული ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებაც არ არის ბრიუსელისთვის ხელსაყრელი ვარიანტი, რადგან თუ ჩინეთი დონალდ ტრამპთან ხისტი პოლიტიკის გატარებას გადაწყვეტს, ევროპა ამით არაფერს მოიგებს. ამისთვის ექსპერტებს თავიანთი ახსნა აქვთ.
აზიურ ქვეყანასა და აშშ-ის შორის სავაჭრო ომმა ან ერთმანეთისთვის სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, ევროპულ სამრეწველო სექტორს დაარტყას და მთლიანად ჩამოშალოს მიწოდების ჯაჭვი.
Euronews-სთან საუბრისას, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ ბრიუსელი ემზადება უარესი სცენარისთვის და აპირებს, დაიცვას როგორც საკუთარი სამრეწველო სექტორი, ისე თითოეული ევროპელის სამუშაო ადგილი.
