„მსოფლიოს ყველაზე მძლავრი“ - ასეთია ვლადიმერ პუტინის მტკიცებით ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელიც, კრემლის ცნობით, რუსეთმა წარმატებით გამოსცადა.
ქვეყნის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურ სერგეი კარაკაევთან ონლაინფორმატში საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ეს საფრენი აპარატი რუსეთის ბირთვული შეიარაღების მოდერნიზების პროექტის საკვანძო ელემენტია, რომელმაც უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა ჩაანაცვლოს საბჭოთა წარმოების მოძველებული რაკეტა, დასავლეთში „სატანად“ წოდებული „ვოევოდა“.
„რუსეთმა თავის ისტორიაში ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა, თუმცა 2002 წელს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან ამერიკის გასვლის შემდეგ ჩვენ ვიყავით იძულებული - ამას ხაზს გავუსვამ - იძულებული, დავფიქრებულიყავით, ახალი რეალობის ფარგლებში, სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ სწორედ ამიტომ, რუსეთში დაიწყო სამუშაოები ისეთი ტიპის სარაკეტო კომპლექსების შესაქმნელად, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ...
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემაა, რომელიც სიმძლავრით არაფრით ჩამორჩება ჩვენს არსენალში არსებულ, საბჭოთა წარმოების „ვოევოდას“ სარაკეტო სისტემას.
რაკეტის ქობინის ჯამური სიმძლავრე ოთხჯერ აღემატება ნებისმიერი არსებული ყველაზე ძლიერი დასავლური ანალოგის სიმძლავრეს. მეორე მხრივ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ რაკეტას ფრენა არამხოლოდ ბალისტიკური, არამედ სუბორბიტარული ტრაექტორიით შეუძლია გადაადგილება, რაც უზრუნველყოფს 35 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე შორეულ ფრენას.
და ბოლოს, მას შეუძლია გადალახოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა არსებული და პერსპექტივაში შესაქმნელი სისტემები. მიმდინარე წლის ბოლოს „სარმატი“ ნამდვილად იქნება ჩვენი საბრძოლო არსენალის ნაწილი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტა „სარმატზე“ რუსულმა მხარემ მუშაობა 2011 წელს დაიწყო და, კრემლის მტკიცებით, შეუძლია 10-15 ბირთვული საბრძოლო თავი გადაიტანოს.
ამერიკული მედია წერდა, რომ 2023 წლის 20 თებერვალს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაშვება წარუმატებლად დასრულდა, კიევში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად.
„სარმატზე“ საუბრისას ვლადიმერ პუტინმა მიმოიხილა ყველა ის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მოსკოვმა ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნა. პუტინის მიმოხილვაში მოხვდა ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“, რომლის მოქმდების რადიუსი 1 500-2 000 კილომეტრია და მისი აღჭურვა შესაძლებელია 480 კილოგრამი წონის კონვენციური ან ბირთვული ქობინით.
2022 წლის 19 მარტს მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს საფრენი აპარატი გამოიყენა უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში, იარაღის მიწისქვეშა საწყობის გასანადგურებლად.
რუსეთის პრეზიდენტმა ახსენა, საშუალო სიმძლავრის რაკეტა „ორეშნიკიც“, რომელიც კრემლმა ბელარუსის ტერიტორიაზე განალაგა. ამ საფრენი აპარატის ზუსტი მახასიათებლები საიდუმლოდ ინახება, მაგრამ ერთადერთი გამოცდის დროს, როდესაც სისტემა ქალაქ დნიპროს წინააღმდეგ კაპუსტინ-იარის პოლიგონიდან გამოიყენეს, „ორეშნიკმა“ დაახლოებით 900 კილომეტრის მანძილი დაფარა.
პუტინის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელზეც მოსკოვში ამბობენ, რომ სხვა ანალოგიურ შეიარაღებასთან შედარებით, ჰაერში გაცილებით დიდხანს დარჩენა და დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.
დასავლელი ექსპერტების ნაწილი, სკეპტიკურად უყურებს ამ იდეას. მათი შეფასებით, შესაძლოა, არასანდო იყოს მისი ბირთვული ძრავი.
მსგავსი ტიპის გამანადგურებელ შეიარაღებაზე მოსკოვი არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ცდებს ატარებს იმ ფონზე, როდესაც ირწმუნება, რომ სურს სამშვიდობო პროცესი და უკრაინაში იმ კონფლიქტის დასრულება, რომელსაც თავად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, დანარჩენი სამყარო კი „სრულმასშტაბიან ომს კიევის წინააღმდეგ“.
