კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კორუფციაშია მხილებული

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კორუფციაშია მხილებული
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრი ერმაკი მასშტაბურ კორუფციულ სქემებშია მხილებული.

ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურისა და ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული პროკურატურის თანახმად, მიაკვლიეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც 2021-დან 2025 წლამდე პერიოდში 9 მილიონამდე ევროს ოდენობის თანხის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის იმდროინდელი უფროსი და ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის წევრი ინფორმირებული იყო დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომელიც გულისხმობდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების უკანონო გზით ლეგალიზაციას კიევის შემოგარენში ელიტარული სამშენებლო პროექტის მეშვეობით.

უკრაინული საგამოძიებო უწყებების ცნობით, 9 მილიონამდე ევროს თანხის გათეთრება დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეძლო უკანონო მიზნებისთვის შექმნილი კომპანიების ქსელისა და ყალბი დოკუმენტაციებისა თუ საბანკო ანგარიშების დახმარებით.

სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფი გეგმავდა ოთხი კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, თითოეული კონსტრუქციის ფართობი კი 1 000 კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა.

ამასთან, იგეგმებოდა კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავდა სპა-სალონებსა და აუზებს. თითოეული ამ ობიექტის სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარად ფასდება.

თავად ანდრი ერმაკს მომხდართან დაკავშირებით მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ დაელოდება გამოძიების საბოლოო შედეგებს.

სამართალწარმოება კი 2018 წელს დაიწყო და ნაწილია იმ მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებებისა, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ბიზნესპარტნიორი სახელმწიფო ატომურ სააგენტოში 100 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის თანხის გათეთრებაში დაადანაშაულეს.

მას შემდეგ, რაც ანდრი ერმაკის სახლსა და მის ახლო გარემოცვასთან დაკავშირებულ ობიექტებში, გასული წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა, მან დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია.

2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ანდრი ერმაკი მის საგარეო პოლიტიკის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაწინაურდა, რაც უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობად ითვლება.

გასულ წელს ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას ჟენევაში, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში, რომლებიც მიმართული იყო რუსეთის ომის პოტენციურ მოგვარებაზე.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კორუფციაშია მხილებული უკრაინელ ბავშვთა გატაცების საქმეზე ევროკავშირმა 23 რუს პირს სანქციები დაუწესა