კატეგორიები

უკრაინელ ბავშვთა გატაცების საქმეზე ევროკავშირმა 23 რუს პირს სანქციები დაუწესა

უკრაინელ ბავშვთა გატაცების საქმეზე ევროკავშირმა 23 რუს პირს სანქციები დაუწესა
ათი ათასობით უკრაინელი ბავშვის სისტემატური და უკანონო დეპორტაციის საქმეზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 16 მაღალჩინოსნისა და კრემლთან დაკავშირებული 7 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

ევროპული ქვეყნების დიპლომატების განცხადებით, ყველა მათგანი პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვნების არამხოლოდ გატაცებაში, არამედ, იძულებითი რუსიფიკაციის გზით, მათი იდეოლოგიური ხედვების მიზანმიმართულ შეცვლასა და მათ ძალისმიერ სამხედრო სწავლებაში, რაც საერთაშორისო სამართლისა და ბავშვთა უფლებების ძირეულ დარღვევას წარმოადგენს.

სანქციები ითვალისწინებს სამიზნე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფინანსური აქტივების გაყინვას, ხოლო რუსი მაღალჩინოსნების შემთხვევაში, შეზღუდვა ვრცელდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე ან მისი გავლით მესამე ქვეყანაში გადასვლაზე.

კიევის პოზიციაა, რომ მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა შესაბამისმა პირებმა სამართლებრივად აგონ პასუხი, გატაცებული ბავშვები კი ოჯახებს დაუბრუნდნენ.

„მნიშვნელოვანია, საერთო მიზანმა გაგვაერთიანოს - ბავშვთა გატაცების გამოძიება, მათი შინ დაბრუნება და ოჯახურ წრეში ნორმალური ცხოვრების აღდგენა. ეს არ არის რაღაც აბსრაქტული.

თითოეული შემთხვევა არის ნამდვილი ოჯახისა და ნამდვილი ბავშვის ისტორია. ამ ბავშვების გადარჩენით, ჩვენ შანსს ვაძლევთ არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ქვეყნებს, რათა ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი ღირებულებები არ გაცამტვერდეს.

ეს აჩენს საფუძვლიან კითხვას - როგორ გამოვიდა, რომ ათასობით ბავშვის გამტაცებელი რუსები მალავენ მათ, წყვეტენ ოჯახებს, შემდეგ კი ასწავლიან იმ ქვეყნის ზიზღს, საიდანაც გაიტაცეს? როდესაც ქვეყანა ასეთ ბოროტ ძალად გადაიქცევა, რომლისთვისაც ბავშვთა ცხოვრების დანგრევაც არ წარმოადგენს წინაღობას, ეს არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სადმე შორს არსებული რეგიონული პრობლემა. თუკი ქვეყანა მსგავს დანაშაულებს ჩადის, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა დანაშაულებზეც არის წამსვლელი. სწორედ ეს პრობლემა საჭიროებს გლობალურ პასუხს.

ფაქტობრივად, ყოველთვიურად ვხედავთ შედეგებს. ბავშვები შინ ბრუნდებიან, თუმცა დასაბრუნებელი კიდევ ბევრია. მკაფიოდ უნდა დავადოკუმენტიროთ ბავშვების ადგილსამყოფელი, გამოვიკვლიოთ გატაცებისა და ამ დანაშაულის დაფარვის სრული ჯაჭვი, დავაბრუნოთ ბავშვები და დავეხმაროთ მათ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, თუმცა ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამჟამად უკრაინამ შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე 20 500-ზე მეტი ბავშვის უკანონო დეპორტაციის შემთხვევის დადასტურება, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მესამე ქვეყნების შუამავლობით, კიევმა მხოლოდ მათი მცირე ნაწილის სამშობლოში დაბრუნება შეძლო.

„ევროკავშირი ოფიციალურად შეუერთდა სპეციალურ ტრიბუნალს, რომლის მიზანი ომის დანაშაულების გამოძიებაა. რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება მის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია. ბავშვთა გატაცება ეს არის რუსეთის დაგეგმილი თავდასხმა უკრაინის მომავალზე“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა.

რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება გაერომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.

გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ რუსული ხელისუფლების მიერ ბავშვების გატაცებისა და უკრაინიდან რუსეთში იძულებითი გადაყვანის პროცესში ჩართული იყო ვლადიმერ პუტინი, რის გამოც ჰააგას მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

გაეროს გამოძიების ფარგლებში, კომისიამ 1205 ბავშვის გაყვანისა და გატაცების შემთხვევა დაადასტურა, რომელთა 80 პროცენტი ოთხი წლის შემდეგაც კი არ დაბრუნებულა სამშობლოში.

დაკავშირებული ამბები
უკრაინელ ბავშვთა გატაცების საქმეზე ევროკავშირმა 23 რუს პირს სანქციები დაუწესა უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს