კატეგორიები

უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს

უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს
Copyright Euronews
კიევი უარს ამბობს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებზე და არ თანხმდება საბრძოლო მოქმედებების მხოლოდ 9 მაისს შეწყვეტაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული მხარის ერთადერთი მიზანი არა რეალურად ომის დასრულება, არამედ წითელ მოედანზე, ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის უსაფრთხოდ ჩატარებაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებები ხანგრძლივი დროით შეწყდეს, სამართლიანი პირობებით.

სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისა და საერთაშორისო დონეზე ძალის დემონსტრირების მნიშვნელობის მქონე ღონისძიების ჩაშლა, ექსპერტების შეფასებით, კრემლისთვის სამხედრო-პოლიტიკური კრახის ტოლფასი იქნება.

„ჩვენს წარმომადგენლებს დავავალე, დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და დააზუსტონ ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადების დეტალები.

უკრაინა მიისწრაფვის მშვიდობისკენ და ატარებს აუცილებელ დიპლომატიურ სამუშაოს, რათა რეალურად ბოლო მოვუღოთ ამ ომს.

დავაზუსტებ, ზუსტად რაზე არის საუბარი - მხოლოდ მოსკოვში ჩასატარებელი აღლუმისთვის რამდენიმესაათიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ჩვენი წინადადებაა ცეცხლის ხანგრძლივი დროით შეწყვეტა, სანდო, მდგრადი და გარანტირებული უსაფრთხოება ადამიანებისთვის და მტკიცე მშვიდობა. უკრაინა მზად არის, იმუშაოს ამ მიმართულებით ნებისმიერი ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული თარიღი ცალკე გამოცხადდება, რაც, მისი თქმით, მხოლოდ ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია, შესაბამისი შიდა კონსულტაციების გავლის შემდეგ:

„ამ მომენტისთვის ვამბობთ, რომ გამარჯვების დღე შედგება, თუმცაღა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდება მოგვიანებით, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. ამჟამად არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. რაც შეეხება კიევის რეჟიმს, მათგან კონკრეტული არაფერი გვსმენია“.

დმიტრი პესკოვი ასევე გამოეხმაურა უკრაინული მხარის შეთავაზებას, აზერბაიჯანში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ და თქვა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში.

9 მაისის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი სულ უფრო მეტად ავითარებს იმ ნარატივს, რომ კიევი შეეცდება, დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიშები მიიტანოს რუსულ დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის დედაქალაქის ცენტრალურ, წითელ მოედანზე.

გასული წლებისგან განსხვავებით, ახლა ამ საფრთხეებზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც მიუთითებენ, მით უმეტეს, რომ უკრაინა წარმატებით ახერხებს საჰაერო დარტყმებს შორეულ მანძილზეც.

არსებულმა ვითარებამ კრემლს უბიძგა, ტრადიციული აღლუმის არატრადიციული ფორმატით ჩატარებისკენ.

მოსკოვის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა გასულ წელსაც გამოაცხადა ზავი, ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც თავადვე ამბობენ, უკრაინულმა მხარემ ზავის პირობები დაარღვია.

კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე წელს მოქმედებდა სააღდგომო ზავიც.

სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ ანექსირებული ყირიმის სიახლოვეს, ქერჩის სრუტეში, საზღვაო დრონების მეშვეობით ორი რუსული ხომალდი გაანადგურეს. კიევის ცნობით, ეს არის პასუხი რამდენიმე საათით ადრე, დნიპროსა და ოდესაში განხორციელებულ რუსულ დარტყმებზე.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს