უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს უმასპინძლა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზები და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას გასულ წლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მხარეები თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე გადადიან. მისი თქმით, უკრაინა და გერმანია იარაღის ერთობლივ წარმოაბაზე მუშაობენ.
„ჩვენ ერთობლივი იარაღის წარმოების შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. გერმანიასთან ერთად დრონებს უკვე ვაწარმოებთ და ამ სფეროს გავაფართოებთ. მადლობას ვუხდი გერმანიას საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარებისთვის. ეს ნამდვილად უმაღლესი დონის მხარდაჭერაა და ჩვენ ამას ვაფასებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან დახმარებას ვიღებთ. გერმანიიდან ენერგეტიკული აღჭურვილობის დამატებით მოწოდებას მოუთმენლად ველით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თუმცა ბორის პისტორიუსი არ არის დარწმუნებული, სურს თუ არა სინამდვილეში რუსეთს მშვიდობა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ დასრულება შეუძლია. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად მოლაპარაკებებზე დათანხმებაა საჭირო.
„ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ მას მშვიდობა სურს. ეს უცნაურია. წარსულის გამოცდილება მისი დაპირებების შესახებ სიფრთხილის საფუძველს გვაძლევს. ძალიან ხშირად გვინახავს მისი მხრიდან ტყუილები და ისეთი მანევრები, რომლებიც მათ სისუსტეს წარმოაჩენდა. ამიტომ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, და ამას უკვე ბოლო ორი თვის განმავლობაში ვამბობ - პუტინის დაპირებებს მხოლოდ ერთი რამით შევაფასებთ - მისი ქმედებებით. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ. თუ პუტინს მშვიდობა ნამდვილად სურს, მას შეუძლია, მარტივად და სწრაფად მიაღწიოს მას. მან უნდა შეწყვიტოს მკვლელობები, დადოს საიმედო ზავი და დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ისეთი პირობების გარეშე, რომლებიც ჩვენი, უკრაინელი მეგობრებისთვის, მიუღებელია“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოულოდნელად ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის მინისტრთანაც გამართა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ მიხაილო ფედოროვმა კიევში ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ერთობლივი პროგრამა თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარებასა და თავდაცვის მიმართულებით ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბორის პისტორიუსის განცხადებით, თავდაცვის პროგრამა მოიცავს უახლესი უპილოტო სისტემების განვითარებას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი შორ მანძილზე მოქმედ დრონებისა.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხადაჭერის კუთხით, გერმანია ლიდერი სახელმწიფოა. უკრაინისთვის გაწეული მთლიანი დახმარების დაახლოებით მესამედი სწორედ გერმანიაზე მოდის. 2026 წლის მონაცემებით, ბერლინს კიევისთვის 100 მილიარდზე მეტი ევრო აქვს გაცემული. აქედან ნახევარი უკრაინის შეიარაღებასა და თავდაცვას მოხმარდა. დანარჩენი კი გამოყოფილი იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის, მათ შორის დევნილების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
