კატეგორიები

საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ყველა მგზავრმა დატოვა

საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ყველა მგზავრმა დატოვა
Copyright AP
საკრუიზო გემ MV Hondius-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. ისინი გემიდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, 11 მაისს გამოიყვანეს და 20-ზე მეტ ქვეყანაში სამხედრო და სამთავრობო ჩარტერული რეისებით დააბრუნეს. ყველა მათგანი ამჟამად კარანტინში იმყოფება.

ბოლოს ვირუსი საფრანგეთის მოქალაქეს 11 მაისს დაუდასტურდა, როდესაც ის სამშობლოში დაბრუნდა. საფრანგეთის კიდევ 4 მოქალაქესთან ერთად ის სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

საკრუიზო გემის კიდევ ერთ მგზავრს პირველადი ტესტირებით ვირუსის სიმპტომები აღენიშნება. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, დააბრუნეს, სადაც დამატებით ტესტირებას გაივლის.

„ჩატარებული ტესტირებით გამოჩნდა, რომ ერთ პირს კანარის კუნძულების დატოვებამდე გამოუვლინდა სიმპტომები. მეორე პირი კი უსიმპტომო იყო, თუმცა პირველ პირთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ორივე მათგანი ახლა ემორის გადამდები დაავადებების განყოფილებაშია მოთავსებული. პირველ პირს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი - დამატებითი კვლევები“, - ამბობს ემორის უნივერსიტეტის საავადმყოფოს დოქტორი ანიშ მეჰთა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციასა და სხვა ქვეყნებთან მუდმივად თანამშრომლობენ.

„იმ ქვეყნებთან ვთანამშრომლობდით, რომელთა მოქალაქეებიც ჰანტავირუსით იყვნენ ინფიცირებული. ეს აუცილებელი იყო,  რათა კოორდინირებულად გვემოქმედა, არსებული სიტუაცია სრულად გაგვეანალიზებინა და გემზე მყოფი ადამიანებისთვის დახმარება გაგვეწია. კანარის კუნძულებზე ჩვენი გუნდი გავგზავნეთ, რათა მგზავრებს გემიდან ჩამოსვლისთანავე შეხვედროდნენ. ეს სახელმწიფო დეპარტამენტთან, ესპანეთის მთავრობასთან, ჯანმოსთან და მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან კოორდინაციით შევძელით. შემდეგ მგზავრები თვითმფრინავში გადავიყვანეთ და შეერთებულ შტატებში დავაბრუნეთ. ამოცანა წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, დევიდ ფიტერმა.

საკრუიზო გემზე ჰანტავირუსით სამი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 6 პირს ვირუსი დაუდასტურდა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ყველა მგზავრი კარანტინში იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ, თუ მგზავრები გემზე კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ, მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდებოდა. ჯანმოს ცნობით, ვირუსის მასშტაბურად გავრცელების საშიშორება არ არის და მოსახლეობას პანიკის საბაბი არ აქვს.

ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, ეს ჰანტავირუსის პირველი აფეთქებაა, რადგან ვირუსი მღრღნელების ექსკრემენტებით ვრცელდება და ადამიანებს შორის მარტივად არ გადადის. თუმცა ვირუსი იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მაინც გავრცელდეს ადამიანებში. სიმპტომები: სიცხე, შემცივნება და კუნთების ტკივილი, როგორც წესი, დაინფიცირებიდან ერთიდან რვა კვირამდე პერიოდში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰანტავირუსის სამკურნალო საშუალება ან ვაქცინა არ არსებობს, ჯანმოში ამბობენ, რომ ვირუსის ადრეული გამოვლენა გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

დაკავშირებული ამბები
„ამჟამად არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ჰანტავირუსი ფართოდ გავრცელდეს, თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს“- WHO-ის ხელმძღვანელი საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ყველა მგზავრმა დატოვა