კატეგორიები

ევროკავშირში ვერ თანხმდებიან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხზე

ევროკავშირში ვერ თანხმდებიან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხზე
Copyright Euronews
ევროკავშირში ვერ თანხმდებიან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხზე. ამ თემის ირგვლივ ბლოკის წევრ სახელმწიფოებში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს შესთავაზა, მათი სახელით მოლაპარაკებების მაგიდასთან გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი დამჯდარიყო.

რუსეთის პრეზიდენტის ჩანაფიქრს დასავლეთში მალევე მიუხვდნენ და განმარტეს, რატომ ცდილობდა კრემლი მაინცდამაინც შრედერის კანდიდატურის წინ წამოწევას - 2005 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ვლადიმერ პუტინთან.

2022 წლამდე ყოფილი გერმანელი მაღალჩინოსანი შედიოდა რუსული სახელმწიფო ენერგოგიტანტის, „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე სხვადასხვა პოსტზე იყო სხვა რუსულ სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის „გაზპრომში“, ამიტომ მისი კანდიდატურა კიევშიც და ბრიუსელშიც მაშინვე გამორიცხეს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მანამდე აცხადებდა, რომ ევროკავშირი „არ უნდა იმცირებდეს თავს“ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებებით, ახლა კი კაია კალასის თქმით, საჭიროა ევროპული ქვეყნები საერთო განსახილველ საკითხებზე შეჯერდნენ.

„იმისათვის, რომ ევროპამ უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ პროცესში, ერთმანეთში უნდა შევთანხმდეთ, რაზე გვინდა ვისაუბროთ რუსეთთან და როგორია ჩვენი „წითელი ხაზები“. გიმნიჩში დაგეგმილი შეხვედრა კარგი ადგილია ამ დისკუსიებისთვის. მტკიცე და სამართლიანი მშვიდობა ვერ იქნება რუსეთის პასუხისმგებლობის გარეშე...

რა თქმა უნდა, 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის დამტკიცების, ბრძოლის ველზე მოსკოვის რეკორდული დანაკარგების, რუსეთის სიღრმეებში უკრაინული დარტყმებისა და მოსკოვში სამხედრო აღლუმის შეზღუდული ფორმატით ჩატარების შემდეგ, ყველაფერი ადასტურებს ომის დინამიკის ცვლილებას. უკრაინა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, რა თქმა უნდა, თვითდამშვიდების დრო არ გვაქვს“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა.

ევროპელი ლიდერების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ცდილობს დროის გაჭიანურებასა და მათი ყურადღების გადატანას ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. მათივე თქმით, შერბილებული რიტორიკა არ უნდა გახდეს ევროპელთა მტკიცე მიდგომის ცვლილების მიზეზი, რადგან, შესაძლოა, რუსული მხარე მორიგ ჯერზე ცდილობდეს დასავლეთის მოტყუებას.

„ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველ რიგში, ეს არარეალურია. მეორე მხრივ კი, პუტინი ჯერაც არ არის ნამდვილად დაინტერესებული რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებით. ამიტომ, გვჭირდება მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა შევცვალოთ ვითარება და დავაინტერესოთ ის ამ პროცესით. ის უბრალოდ ცდილობს, ჩვენი ყურადღება მიაპყროს არა იმას, რაც გვჭირდება, არამედ ეს მისი მხრიდან ძალიან სტრატეგიული სვლა არის.

ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ რუსეთზე ზეწოლაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის მართლაც იქნება დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სუსტდება. მათთვის რთულია ჯარისკაცების გაწვრთნაც. ვიხილეთ გამარჯვების აღლუმი, რომელიც სინამდვილეში ძალიან მოკრძალებული იყო და არ ყოფილა არანაირი სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება, რადგან კრემლს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ეშინოდა“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენერგარდმა.

საკითხი იმის თაობაზე, უნდა დაამყარონ თუ არა ბრიუსელმა და მოსკოვმა პირდაპირი კავშირები უკრაინაში ომის დასასრულებლად, დისკუსიების საგნად იქცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპელების გარეშე დაეწყო დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესი, რაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში პირველი ბზარის შემტანი აღმოჩნდა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებდნენ ევრობლოკს, შეეცვალა საკუთარი პოლიტიკა და სანქციებისა და მკაცრი რიტორიკის ფონზე, მოსკოვთან დიპლომატიური გზებიც ეცადათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონის მრჩეველს კრემლში ცივად შეხვდნენ, ეს ინიციატივა მხოლოდ ინიციატივად დარჩა - როგორც აღმოჩნდა, დროებით.

რუსეთის მხრიდან უკრაინულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტმა იერიშებმა ევროპელ მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებს უბიძგა, ეფიქრათ დამატებით ალტერნატივებზე, რაც მათ შეუძლიათ, მოიმოქმედონ კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ.

ამასთან ერთად, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მოუწოდა ევროგაერთიანებაში შემავალ სახელმწიფოებს, უკრაინის ბლოკში გაწევრებისთვის აუცილებელი კლასტერები გახსნან.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირში ვერ თანხმდებიან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხზე უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი