თეირანში აცხადებენ, რომ „არ ადარდებთ“, კმაყოფილია თუ არა ამერიკული მხარე სამშვიდობო წინადადებაზე პასუხით.
ისლამური ქვეყნის დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის თქმით, ირანი მოქმედებს მხოლოდ საკუთარი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები ერების ინტერესების შესაბამისად, ხოლო ვაშინგტონს ბრალს სდებს ისრაელის მიერ ნაკარნახევი ნაბიჯების გადადგმაში.
„არანაირ დათმობებს არ მოვითხოვდით. ერთადერთი, რასაც მოვითხოვდით - ირანის კანონიერი უფლებები იყო.
თქვენთვის და ჩვენი ხალხისთვის მომინდია უფლება, გადაწყვიტონ, არის თუ არა გადაჭარბებული ირანის მოთხოვნები რეგიონში ომის შეწყვეტის თაობაზე, ირანული ხომალდების წინააღმდეგ მეკობრეობის შესახებ და იმ აქტივების განბლოკვასთან დაკავშირებით, რომლებიც ირანელ ხალხს ეკუთვნის და რომლებიც ამერიკული ზეწოლის გამო, უცხოურ ბანკებში უსამართლოდ იყო დაბლოკილი.
არის თუ არა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებული ჩვენი წინადადება გადაჭარბებული? არის თუ არა მთელს რეგიონში, მათ შორის ლიბანში, მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების მოთხოვნა უსამართლო?
ყველაფერი, რაც ჩვენ ტექსტში მივუთითეთ, გონივრული მოთხოვნები იყო, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული წინადადებები არამხოლოდ ირანის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოს სამშვიდობო ინტერესების გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, ამერიკული მხარე კვლავ ინარჩუნებს ცალმხრივ შეხედულებას, რომელიც დაფუძნებულია უმეტესწილად სიონისტური რეჟიმის მიერ ფორმირებულ მსოფლმხედველობაზე.
ყოველ ჯერზე, როცა ამის აუცილებლობა იქნება და როცა ამას საჭიროდ ჩავთვლით, დიპლომატიის იარაღს გამოვიყენებთ ირანელი ხალხის ინტერესების წინ წასაწევად. ჩვენთვის უმნიშვნელოა, სხვა კმაყოფილია თუ არა. დიპლომატიურ პროცესს თავისი წესები აქვს, სადაც მხარეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ.
ირანული მხარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს ლიბანში. ქვეყნის სამხრეთით ისრაელმა კვლავ გააქტიურა იერიშები ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რომლის პოზიციებზე დარტყმების შედეგად, გასული კვირის ბოლოს, თელ-ავივმა გამოაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირების შესახებ.
ისრაელური მხარე მიუთითებს, რომ არ შეწყვეტს სამხრეთ ლიბანში სამხედრო ოპერაციას, ვიდრე იარსებებს საფრთხე ისრაელის სახელმწიფოებრიობისთვის.
გარდა ლიბანის საკითხისა, თეირანის პოზიციაა, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების საბოლოოდ დასასრულებლად და მდგრადი და სტაბილური მშვიდობის უზრუნველსაყოფად მთავარი წინაპირობაა ირანულ პორტებზე ამერიკული ბლოკადის მოხსნა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნედლეულზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კლებასაც.
საგულისხმოა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ძალისხმევისა, თუკი ირანთან მიუღწეველი დარჩება შეთანხმება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი და აშშ თანხმდებიან მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლებაზე.
