კატეგორიები

„რეგიონული ქვეყნები აშშ-ის ბაზების ფარი აღარ იქნება” - ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ვრცელი წერილი

„რეგიონული ქვეყნები აშშ-ის ბაზების ფარი აღარ იქნება” - ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ვრცელი წერილი
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, თანამდებობის დაკავებიდან პირველად ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ რეგიონულ ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებისთვის ადგილი აღარ იქნება. ეს მას შემდეგ ხდება, რაც შტატების სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ ღამით სამხრეთ ირანში სამიზნეებზე იერიში მიიტანა.

ყურბან-ბაირამისა და მექაში ჰაჯის მომლოცველობის აღსანიშნად გამოქვეყნებულ 14-გვერდიან წერილობით გზავნილში მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „აგრესიისა და სამხედრო ბაზების განთავსებისთვის“ რეგიონში უსაფრთხო თავშესაფრებს აღარ ფლობს და ამასთან, „თავის ძველ პოზიციას ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება“.

„დრო უკან აღარ დაბრუნდება. რეგიონის ერები და მიწები ამერიკული ბაზების ფარები აღარ იქნებიან“, - ამბობს ირანის უზენაესი ლიდერი, რომელიც საჯაროდ მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც მამისი და თანამდებობაზე მისი წინამორბედი, ალი ხამენეი, ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრელის იერიშების დაწყებისთანავე მოკლეს.

სამშაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ეს წერილი მოჯთაბა ხამენეის სახელთან დაკავშირებული ყველაზე ვრცელი საჯარო განცხადებაა მის ირანის სულიერ ლიდერად გამოცხადებიდან.

მას შემდეგ საერთაშორისო მედიასაშუალებები ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მოჯთაბა ხამენეი მძიმედ იყო დაშავებული. თეირანს ამ ცნობებზე კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.

ვიდრე ირანის უზენაესი ლიდერის ეს განცხადება გავრცელდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ იერიში მიიტანა სარაკეტო ობიექტებსა და ნავებზე, რომლებიც სამხრეთ ირანში ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. ცენტრალურ სარდლობის თანახმად, დარტმები თავდაცვისთვის განხორცელდა და მიზნად ამერიკელი სამხედროების დაცვას ისახავდა ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი საფრთხეებისგან. მათივე განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა არ ყოფილა.

მომხდარი სხვაგვარად შეაფასა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამერიკის შეერთებული შტატები „ჰორმოზგანის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში“ დაადანაშაულა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰორმოზგანის პროვინციაში ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტული სამხედრო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მგმობ განცხადებაში თქვა, რომ ამ აგრესიული ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობას შეერთებული შტატების რეჟიმს აკისრებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა უპასუხოდ არც ერთ აგრესიულ ქმედებას არ დატოვებს და ირანელი ხალხის დაცვის საქმეში უკან მცირედითაც არ დაიხევს. საგარეო უწყების თანახმად, ბოლო 48 საათის განმავლობაში მეკობრეობისა და მტრული ქმედებების მრავალი შემთხვევა ჰორმოზგანში გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადეს ირანის სახელმწიფო მედიის ეთერში.

ირანის სახელმწიფო მედიამ საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია. ადგილობრივმა მედიამ ასევე დაწერა, რომ ინციდენტის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიის ოთხი წევრი დაიღუპა.

თავად გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ამერიკული დრონი ჩამოაგდო და ცეცხლი გაუხსნა სხვა საჰაერო აპარატს, რომლიც ირანის საჰაერო სივრცეში შესვლას ცდილობდა. თუმცა ის, თუ როდის მოხდა ინციდნეტი, არ დაუკოკრეტებია.

დაკავშირებული ამბები
„რეგიონული ქვეყნები აშშ-ის ბაზების ფარი აღარ იქნება” - ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ვრცელი წერილი ამერიკულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში ირანულ პოზიციებს „თავდაცვის მიზნით“ დაარტყეს