ამერიკელი და ირანელი მომლაპარაკებლები შეჯერდნენ ჩარჩო-შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებასა და დისკუსიების დაწყებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რისი საბოლოო მიზანიც არის მდგრადი და გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება.
ორმხრივი პოზიტიური გზავნილებისა და დიპლომატების ძალისხმევის მიუხედავად, ჯერი ახლა დონალდ ტრამპზეა, რომელმაც, აშშ-ის ხაზინის მდივნის თქმით, უკვე კარგა ხანია, მკაფიოდ განსაზღვრა ამ პროცესში წითელი ხაზები.
„ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომ აქვს წითელი ხაზები და რომ ირანმა უნდა გადასცეს გამდიდრებული ურანი. ისინი ვეღარ განაგრძობენ სწრაფვას ბირთვული იარაღის შექმნისკენ.
რომ დავუბრუნდეთ ენერგეტიკის საკითხს, ჰორმუზის სრუტეში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი ტრანზიტი. როგორც მანამდე, საზღვაო გადაადგილება უნდა გაიხსნას, ამიტომ ტრამპი არ აპირებს დათანხმდეს ცუდ პირობებს. მას სურს ამერიკელი ხალხისთვის შესანიშნავი შეთანხმების გაფორმება“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს გაუსწროს არც მოვლენებს და არც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების.
ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ომანისადმი მკაცრ გაფრთხილებას, როდესაც ტრამპმა სპარსეთის ყურის ქვეყანას მოუწოდა, თეირანთან არანაირი შეთანხმება არ გააფორმოს ჰორმუზის სრუტის კონტროლის გაყოფასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ომანის აფეთქებით დაიმუქრა:
„დღეს დილით ომანის ელჩს ვესაუბრე და დამარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლისთვის ტარიფების დაწესების გეგმა არ არსებობს. როგორც მან თქვა, ჩვენს ქვეყნებს 200-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სურს, კიდევ 200 წლით გახანგრძლივდეს. ვუთხარი, რომ ტარიფების დაწესება მიუღებელია და რომ არ უნდა რისკავდეს როგორც ცალკეული პირების, ისე ომანის ფინანსური უწყებების დასანქცირებით“, - თქვა სკოტ ბესეტნმა.
თეირანმა არც ისე მალე დაადასტურა ცნობები ჩარჩო-შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის წევრმა, ისლამური ქვეყნის სახელმწიფო მედიასაშუალებას განუცხადა, რომ პირობების დიდი ნაწილი თეირანისთვის მისაღებია. მისივე თქმით, ირანისთვის ერთადერთ შიშს იწვევს დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობა.
როგორც ცნობილია, ისლამური ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს, ირანული პორტებისთვის დაწესებული ბლოკადის გაუქმებას, ეკონომიკური სანქციების მოხსნასა და სპარსეთის ყურიდან ამერიკული სამხედრო შენაერთების გაყვანას.
თავის მხრივ, ვაშინგტონშიც აცხადებენ, რომ არ არიან დარწმუნებული, რამდენად შეასრულებს ისლამური ქვეყნის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს, თუმცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მცდელობის გარეშე პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.
„ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარე არ შეასრულებს შეთანხმების თავის ნაწილს, ამიტომ არსებობს შემოწმების პროცესი. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ყველაფრის დროით გამოცდა. ამ საკითხზე ეს ჩემი საბოლოო კომენტარია.
თუ შეხედავთ, რასაც მივაღწიეთ, აშკარაა, რომ შევძლებთ საბოლოო შეთანხმების მიღწევასაც. კვლავ ვხსნით ჰორმუზის სრუტეს, მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებზე უკვე მივიტანეთ დანაგრეველი დარტყმა და ვიმყოფებით მდგომარეობაში, როდესაც შეგვიძლია, გავყინოთ მათი ბირთვული პროგრამა.
ამ პროგრამის გაყინვა არ არის ორიენტირებული მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდზე, არამედ მოიცავს შორეულ პერსპექტივასაც. ჯერ არ მიგვიღწევია მიზნისთვის, მაგრამ მასთან ძალიან ახლოს ვართ და ამაზე მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
ჩარჩო-შეთანხმებისა და მოლაპარაკებებში წინსვლის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მხარეები ხანგრძლივ დიპლომატიურ ჩიხში იმყოფებოდნენ. ამ ჩიხს პერიოდულად თან სდევდა ამერიკული დარტყმები ირანულ პოზიციებზე და პირიქით, ან თეირანის იერიშები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
ამის მიუხედავად, ვაშინგტონი არ მიიჩნევდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვა, თუმცა მოთმინების ამოწურვაზე მიუთითებდნენ.
27 მაისის ღამით ამერიკულმა ძალებმა „თავდაცვითი დარტყმების“ შესახებ განაცხადეს ირანის საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში მდებარე სამხედრო ობიექტზე. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს ირანის ოთხი დრონი, რომელიც „ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“.
