კატეგორიები

ჰანტავირუსი საკრუიზო გემზე მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ჰანტავირუსი საკრუიზო გემზე მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
Copyright Euronews
საკრუიზო გემზე MV HONDUS-ზე მყოფ კიდევ ერთ პირს ჰანტავირუსი დაუდასტურდა. საკრუიზო გემზე მყოფი საფრანგეთის 5 მოქალაქე სამშობლოში ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ჰანტავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. დანარჩენ ოთხ პირი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს. თუმცა ხუთივე მკაცრ იზოლაციაში იქნა მოთავსებული. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუს განცხადებით მთავრობა იზოლაციის შესაბამისი ზომების შესახებ ბრძანებაზე მუშაობს.

„ჩვენი ხუთი თანამემამულე, რომლებიც ჰანტავირუსის აფეთქების დროს ბორტზე იმყოფებოდნენ, ქვეყანაში დააბრუნეს. ერთ-ერთ მათგანს მგზავრობისას სიმპტომები გამოუვლინდა. ხუთივე მგზავრი დაუყოვნებლივ მოათავსეს მკაცრ იზოლაციაში შემდგომ შეტყობინებამდე. ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ, ჩაუტარდებათ ტესტირება და შეფასდება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა”, - წერს სებასტიან ლეკორნუ სოციალურ მედია X-ზე.

საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ესპანეთის კანარის კუნძულებზე 10 მაისს შევიდა და მალევე ბორტზე მყოფი პირების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების პროცესი დაიწყო. ევაკუირებულია ესპანეთის ყველა მოქალაქე. მათი დიდი ნაწილი ტენერიფედან მადრიდში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე კარანტინში დარჩებიან და შესაბამის კვლევებს ჩაიტარებენ. არცერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნება.

ტენერიფეს პორტში, სადაც საკრუიზო გემი ჩავიდა, ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰამონ გებრეიესუსი მივიდა. მისი განცხადებით, ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საბაბი არ არსებობს.

„ერთსა და იმავე პასუხს არაერთხელ გავიმეორებ. ეს ახალი COVID არ არის. საზოგადოებისთვის რისკი დაბალია. ამიტომ არ უნდა შეშინდნენ და პანიკას არ უნდა აჰყვნენ. ახლა მთლიანად გემზე ვართ კონცენტრირებული. როგორც იცით, ეპიდემიის ამჟამინდელი აფეთქების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2 მაისს გამოვლინდა. მას შემდეგ არავინ გარდაცვლილა. როგორც იცით, რამდენიმე ადამიანი ევაკუირებულია. ესეც კარგი ამბავია. ვიმედოვნებთ, რომ სიკვდილის შემთხვევები აღარ გვექნება, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

სამშობლოში დაბრუნდნენ საკრუიზო გემზე მყოფი დიდ ბრიტანეთის მოქალაქეები. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ბრიტანეთის 22  მოქალაქე კანარის კუნძულებიდან ჩარტერული რეისით 10 მაისს ჩამოიყვანეს და გვიან ღამით სპეციალური ავტობუსებით საავადმყოფოში მიიყვანეს. 72-საათიანი კარანტინის შემდეგ მათ დამატებით 72 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ.

იტალიაში გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ ოთხი პირი იმყოფება, რადგან ისინი თვითმფრინავში იმ ინფიცირებულთან ერთად იყვნენ, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვირუსის მასშტაბურად გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

საკრუიზო გემ MV HONDUS-ზე ჰანტავირუსის გავრცელების შედეგად გარდაიცვალა კრუზის სამი მგზავრი:  წყვილი ნიდერლანდებიდან და გერმანიის ერთი მოქალაქე. გემზე მყოფ ათობით პირს კი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.

დაკავშირებული ამბები
ჰანტავირუსი საკრუიზო გემზე მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებაზე ირანის პასუხით