„არ მომწონს - სრულიად მიუღებელია!“ - ამ სიტყვებითა და პოსტით გამოეხმაურა დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ირანის ახალი სამშვიდობო შეთანხმების მორიგ ვერსიას, რომელიც ვაშინგტონს პაკისტანის შუამავლობით გადაეცა.
თეირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დოკუმენტის მთავარი აქცენტი მიმართული იყო ომის შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მას შემდეგ, რაც ამერიკული მხარე ირანულ პორტებზე ბლოკადას მოხსნის.
საჯაროდ, ზუსტად გაწერილი პირობები უცნობია, თუმცა გავლენიანი დასავლური მედიასაშუალებების ცნობით, მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი კვლავ ბირთვული იარაღის ფლობის საკითხს უკავშირდება.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანი თანახმაა, ურანის გამდიდრების შეჩერებაზე, თუმცა იმაზე ბევრად უფრო მცირე დროით, ვიდრე აშშ-ის მიერ დაწესებული 20-წლიანი ვადაა.
ამასთანავე, თეირანი კატეგორიულად უარყოფს ბირთვული ობიექტების დემონტაჟს და მოითხოვს, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი გადაეცეს მესამე ქვეყანას იმ გარანტიით რომ ქიმიური ელემენტი დაუბრუნდება, თუკი მოლაპარაკებები ჩაიშლება.
მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ ვაშინგტონისა და მთელი მსოფლიოსადმი თეირანის 47-წლიანი მიდგომა უნდა დასრულდეს:
„47 წლის განმავლობაში ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოს ეთამაშებოდა - და ბოლოს ნამდვილი „ჯეკპოტი მოხსნა“ მაშინ, როცა ბარაკ ჰუსეინ ობამა პრეზიდენტი გახდა. ის მათთვის უბრალოდ კარგი კი არა, შესანიშნავი იყო - ფაქტობრივად, მათ მხარეს გადავიდა, მიატოვა ისრაელი და სხვა მოკავშირეები და ირანს ახალი, ძალიან ძლიერი სიცოცხლის შანსი მისცა.
ასობით მილიარდი დოლარი და, ამასთან, მწვანე კუპონებით 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი ნაღდი ფული თეირანში თვითმფრინავით ჩაიტანეს და პირდაპირ მიართვეს. ვაშინგტონის, ვირჯინიისა და მერილენდის ყველა ბანკი თითქოს დაცარიელდა - იმდენი ფული იყო, რომ როდესაც ჩავიდა, ირანელმა ბანდიტებმა არც კი იცოდნენ, რა ექნათ. მათ ასეთი ფული არასოდეს ენახათ და ვეღარც ნახავენ. ფული თვითმფრინავიდან ჩემოდნებითა და ჩანთებით ჩამოიტანეს, და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ უჯერებდნენ. მათ საბოლოოდ იპოვეს ყველაზე დიდი „სულელი“, სუსტი და უგუნური - ამერიკელი პრეზიდენტის სახით.
ის კატასტროფა იყო როგორც ჩვენი „ლიდერი“, თუმცა არა ისეთი ცუდი, როგორც მძინარე ჯო ბაიდენი!
47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებდნენ, ხელნაკეთი ბომბებით ჩვენს ხალხს ხოცავდნენ, პროტესტს ახშობდნენ და ახლახან 42 000 უდანაშაულო და უიარაღო მომიტინგე მოკლეს, თანაც ჩვენს ახლა უკვე კვლავ დიდებულ ქვეყანას დასცინოდნენ. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“
ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ თეირანი მზად არის, დაიცვას ის ბირთვული ობიექტები, რომლებშიც გამდიდრებული ურანი ინახება და, საჭიროების შემთხვევაში, „საკადრისი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს“.
„სინამდვილეში, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგებს ფლობს და რომ ეს უნდა იყოს განადგურებული.
ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ ქვეყნიდან ურანის გატანის გეგმა, ამიტომ სრულ მზადყოფნაში ვიყავით. ვგულისხმობ, რომ შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსში“ გამდიდრებული ურანის შემნახველი ბირთვული ობიექტების დასაცავად იყვნენ მზად.
ვვარაუდობდით, რომ შეძლებდნენ საჰაერო ოპერაციით, ვერტმფრენების მეშვეობით შეეღწიათ ტერიტორიაზე და ასე წაეღოთ ურანი, ამიტომ შესაბამისი ზომები მივიღეთ. დღეს კვლავ ვაფრთხილებთ მტერს, რომ თუკი ის ისევ ჩაიდენს აგრესიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ის დაუყოვნებლივ შეეჩეხება მოქმედებათა მოულოდნელ განვითარებას. წინა შემთხვევაში დაშვებული შეცდომების გამო, მტერი უკვე ისედაც იხდის შესაბამის ფასს.
გარდა ჩვენი სამხედროების სიმტკიცისა, ეს ვარიანტები მოიცავს სრულყოფილი და თანამედროვე შეიარაღების გამოყენებას, ომის ახალი მეთოდებით წარმართვასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამხედრო მოქმედებების ახალ არენებს. ეს ნიშნავს, რომ ომი გადაინაცვლებს ისეთ ადგილებში, რომლებიც მოწინააღმდეგემ არ გაითვალისწინა და არ ჩართო საკუთარ გეგმებში, ამიტომ ამ ტერიტორიებზე ჩვენ შეგვეძლება მტერი გავაცამტვეროთ“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა აკრამი ნიამ.
ვიდრე გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასასრულებლად, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ ბოლო არ უჩანს, გასულ უქმეებზე სპარსეთის ყურის მიმართულებით ირანული დრონები გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი კატარისკენ მიმავალ სატვირთო ხომალდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.
დრონების განეიტრალებაზე განაცხადეს ქუვეითში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული სატელეფონო საუბრისას, კატარის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება მხოლოდ გააურესებს კრიზისს, რომელიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, დონალდ ტრამპის მიერ დაწუნებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ისედაც გამწვავდა.
