კატეგორიები

ევროკავშირი სირიასთან სავაჭრო კავშირებს აღადგენს

ევროკავშირი სირიასთან სავაჭრო კავშირებს აღადგენს
Copyright EU
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით ევროკავშირი სირიასთან სავაჭრო კავშირებს აღადგენს. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2011 წელს შეწყდა, მაშინდელი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების საპასუხოდ.

ევროკავშირის საბჭომ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივ შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა და შეთანხმების სრულად აღდგენას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს, რომელში წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ.

ევროკავშირის საბჭოში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირსა და სირიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„გავბედავ და ვიტყვი, რომ ევროკავშირისა და სირიის ურთიერთობებისთვის ისტორიული დღეა. პირველი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ჩატარებითა და თანამშრომლობის შეთანხმების განახლებით. სირიის რეინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს აღვნიშნავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას სირიელი ხალხის მიმართ, დავუდგეთ მათ გვერდში ქვეყნის რეკონსტრუქციისა და სტაბილურობის გზაზე. სირია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამიტომ, სირიის რეკონსტრუქცია წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ვიმოქმედებთ სირიასთან ერთად, რეგიონის მასშტაბით პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად. ეს მხოლოდ დაკარგულის აღდგენას არ გულისხმობს. ეს მომავლის შექმნასაც ნიშნავს. ისეთი მომავლის შექმნას, რომელიც ყველა სირიელისთვის უფრო ინკლუზიური, უფრო მდგრადი და უფრო იმედიანი იქნება. თუ სირიელ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიმუშავებთ, ამ ხედვას რეალობად ვაქცევთ” - განაცხადა ევროკომისამრმა დუბრავკა შუიცამ.

ბრიუსელში მინისტერიალზე იმყოფებოდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰასან ალ-შაიბანი, რომელმაც მხარეებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ საფუძველებს ვუყრით სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორივე მხარის ვალდებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობის 14-წლიანი შეწყვეტის შემდეგ, ახლა მას უნდა გადავხედოთ. ამ პარტნიორობას იურიდიული საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში, ეს არის პარტნიორობა, რომელიც 1978 წელს იქნა ხელმოწერილი. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის მიერ 23 მარტს გამოცხადებულ განცხადებაზე. ახლა ჩვენ გაწერილი გვაქვს აღდგენის პროცესის პრიორიტეტები. ეს ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც ჩვენი პარტნიორობის საფუძველი გახდება. ყველამ ვიცით, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონისა და ევროკავშირის განსაკუთრებულ პარტნიორობას მოითხოვს. არსებობს ფანჯარა, სადაც უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. ეს შანსი დღესვე გამოვიყენოთ, თორემ ის აღარ გვექნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ”. - განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰასან ალ-შაიბანმა.

სირიას დასავლეთის სანქციების დიდი ნაწილი გასულ წელს მოუხსნეს. სირიის მოქმედი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ცდილობს სირია საერთაშორისო საზოგადოებაში უფრო ფართოდ იყოს ინტეგრირებული. ის ხელმძღვანელობდა ალიანსს, რომელმაც 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადი თანამდებობას ჩამოაშორა.

თანამშრომლობის შეთანხმების აღდგენა მოხსნის შეზღუდვებს სირიული საქონლის იმპორტზე, როგორებიცაა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ოქრო, ძვირფასი ლითონები და ბრილიანტები. სირიის მხარდაჭრა 455 მილიონ ევროს ითვალისწინებს, რომელიც სირიაში ინფრასტრუქტურის, სასამართლო სისტემის, ინსტიტუტების, ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი სირიასთან სავაჭრო კავშირებს აღადგენს თეირანში აცხადებენ, რომ „არ ადარდებთ“ აშშ-ის რეაქცია სამშვიდობო წინადადებაზე