ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ საკრუიზო ლაინერი 40-მდე მგზავრმა დატოვა, მას შემდეგ რაც ბორტზე 3 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი კაბო-ვერდეში გამგზავრებამდე ატლანტის ოკეანის სამხრეთით მდებარე წმინდა ელენას კუნძულზე ჩავიდნენ. მათ შორის იყო ბორტზე გარდაცვლილი 70 წლის ჰოლანდიელის მეუღლე,რომელიც კომერციული რეისით სამხრეთ აფრიკაში გაფრინდა და კლინიკაში გარდაიცვალა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და აფრიკის ქვეყნები ამჟამად ბორტიდან ჩამოსული მგზავრების ძებნის პროცესში არიან, ორივე კონტინენტზე და ყველა შესაძლო გაჩერებაზე. საგულისხმოა, რომ კრუიზის ოპერატორი კომპანია „Oceanwide Expedition” მანამდე ადასტურებდა, რომ ჰოლანდიის მოქალაქემ კრუიზი ქმრის ცხედათან ერთად დატოვა, თუმცა არაფერს ამბობდა იმის თაობაზე,რომ მასთან ერთად ბორტიდან ხმელეთზე კიდევ ათობით ადამიანი გადავიდა.
3 პირი ჰოლანდიაშია ევაკუირებული, ესპანეთის ხელისუფლება ადასტურებს რომ მისი 14 მგზავრი ერთი გაჩერების შემდეგ მადრიდში იქნებიან, თუმცა 45 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.ამასთან ევროკომისია ჰანტავირუსის ირგვლივ წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციას იწყებს. მასში დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრია ჩართული. მათ ექსპერტი გაგზავნეს, როგორც თავად გემზე, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯერჯერობით ბრიუსელი ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის რისკები დაბალია. შესაბამისი კომიტეტმა ბლოკის ჯანდაცვის წარმომადგენლები უკვე შეკრიბა, მათ შორის შეხვედრა წარიმართა ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის, ასევე იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებიან.
„ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებისა და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამჟამად შეშფოთების საფუძველი ევროპისთვის დაბალია“ -აღინიშნა ევროკომისიის ბრიფინგზე.
ჰანტავირუსი იმ ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება,რომლებიც მღრღნელებს გადააქვთ. ადამიანის ამ ვირუსით ინფიცირება მეტწილად მღრღნელების ექსკრემენტების ჰაერში გაფანტული ნაწილაკებისა და მტვერის შესუნთქვით ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ,რომ ადამიანიდან ადამიანზე ამ ვირუსის გავრცელება უჩვულოა და რომ ეს ახალი პანდემიის დასაწყისად არ უნდა ჩაითვალოს.
„ეს არ არის შემდეგი კოვიდი, მაგრამ ეს სერიოზული ინფექციური დაავადებაა. თუ ამ ვირუსით ადამიანი დაინფიცირდა და ინფექციები ზოგადად უჩვეულობით გამოირჩევიან,ის შეიძლება სასიკვდილო გამოდგეს“- აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგი.
ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 7 ლაბორატორიული შემთხვევა დააფიქსირა, მათგან 3 მსხვერპლით დასრულდა.
თავად ხომალდი MV HONDUS-ი 149 მგზავრს ითვლიდა, მათგან 88 მგზავრი და 61 ეკიპაჟის წევრი იყო, როდესაც მათ 1 აპრილს არგენტინა დატოვეს. მასში ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ნიდერლანდებს, ბელგიის, ირლანდიის,პოლონეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
