კატეგორიები

აშშ ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ვადას 4 ივლისამდე აძლევს

აშშ ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ვადას 4 ივლისამდე აძლევს
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ვადა 4 ივლისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტამპი ევროპას გაცილებით მაღალი ტარიფების დაწესებით ემუქრება. სავაჭრო შეთანხმების შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მხარეებს შორის პროგრესია.

ლიდერებს შორის საუბარი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე გაიმართა. გასულ კვირას დონალდ ტრამპი ევროკავშირს დაემუქრა, რომ ევროკავშირში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფები 15%-იდან 25%-მდე მიმდინარე კვირაში გაიზრდებოდა, თუმცა ამჟამად ეს ვადა გახანგრძლივდა.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მოთმინებით ველოდი, როდის შეასრულებდა ევროკავშირი ისტორიული სავაჭრო შეთანხმების, ისტორიაში ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმების, ვალდებულებას, რომელსაც შოტლანდიაში ტერნბერიში მივაღწიეთ! პირობა იქნა დადებული, რომ ევროკავშირი შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა და შეთანხმების შესაბამისად, ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა! დავთანხმდი, მათ დრო მივცე ჩვენი ქვეყნის 250-ე იუბილემდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტარიფები დაუყოვნებლივ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირი აშშ-სთან შეთანხმებას ვადის ამოწურვამდე მიაღწევს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო შეთანხმებაში გათვალისწინებული 15%-იანი საერთო ზედა ზღვრის ფარგლებში აშშ ვერ შეძლებს ტარიფების ცალმხრივად გაზრდას. მისივე თქმით, ბლოკი ყველა სცენარისთვის მზადაა.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ჩვენს მჭიდრო კოორდინაციაზე რეგიონულ პარტნიორებთან. ასევე განვიხილეთ ევროკავშირი–აშშ-ის სავაჭრო შეთანხმება. ორივე მხარე ერთგულია მისი შესრულების მიმართ. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების თვალსაზრისით, დადებითი პროგრესი იქნება მიღწეული“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

გასულ ზაფხულს შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი ამერიკულ პროდუქტებზე ტარიფების შემცირებას დასთანხმდა. სანაცვლოდ, აშშ ევროკავშირის ნაწარმის უმეტესობაზე დააწესებდა ყოვლისმომცველ 15%-იან ტარიფს, რომელიც დამატებითი მოსაკრებლის დაგროვებას გამორიცხავდა. ამჟამად ევროპარლამენტი და ბლოკის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ კანონმდებლობას, რომელიც ტარიფების გაუქმებას შესაძლებელს გახდის. სატელეფონო საუბრის შემდეგ  მხარეებს შორის დაძაბულობა შემსუბუქდა.

ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. მხარეები თანხმდებიან, რომ ირანის რეჟიმს, რომელიც როგორც საკუთარი, ისე სხვა ქვეყნების ხალხის მიმართ ძალადობით გამოირჩევა, ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

დაკავშირებული ამბები
ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ საკრუიზო ლაინერი 40-მდე პირმა დატოვა აშშ ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ვადას 4 ივლისამდე აძლევს