საპასუხო ცეცხლი გაიხსნა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დარღვეულა - ასეთია ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია ჰორმუზის სრუტეში 7 მაისის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ირანულმა მხარემ ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, ასევე იერიშები სცადა რამდენიმე პატარა კატარღის მეშვეობით.
ცენტრალური სარდლობის თანახმად, მოწინააღმდეგეზე საპასუხო დარტყმები იყო მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის, ხოლო მათი კუთვნილი ხომალდები არ დაზიანებულა.
საწინააღმდეგო შეფასებებია თეირანიდან, სადაც ამბობენ, რომ ამერიკულ სამხედრო ძალებს „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენეს მას შემდეგ, რაც მოხდა თავდასხმა ირანულ ტანკერზე.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა, მისივე თქმით, სჯობს ირანმა არ გამოცადოს აშშ-ის შესაძლებლობები, სხვა შემთხვევაში, ვაშინგტონი ისლამურ ქვეყანაზე „მასირებული დარტყმებით“ იმუქრება.
„მჯერა, მათ შეთანხმების გაფორმება ჩემზე მეტად სურთ. ჰორმუზის სრუტის გავლით გაიარა მსოფლიო დონის სამმა ამერიკულმა ნაღმოსანმა. სხვა ნებისმიერი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ამას არ გააკეთებდა, როდესაც მათ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ამ სულელური წყალქვეშა ნავებით თავს ესხმოდნენ. ჩვენმა ძალებმა ისინი ორიოდე წუთში გაანადგურეს. მათი ტანკერიც განადგურებულია.
იცით, რა ვუქენით ტანკერს? არ გვინდოდა, კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, ამიტომ საჭის ფრთას დავარტყით და ტანკერებმა წრიულად დაიწყეს ბრუნვა. ირანელებს ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ვფიქრობდით, რომ შეიძლება გააკეთებდნენ ამას, მაგრამ მზად ვიყავით. მათ გაუშვეს რაკეტები და თითოუელი ეს რაკეტა და დრონი ჩამოგდებულია. მათ კი, ვინც ეს გააკეთა, ჩვენთან აღარ არიან.
დღეს წაგვეთამაშნენ, მაგრამ ჩვენ ისინი გავანადგურეთ. მე ამას ვარქმევ აბუჩად აგდებას. გაცნობებთ, როდის აღარ იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის ცოდნა არ მოგიწევთ, რადგან, სხვა შემთხვევაში ირანიდან წამოსულ დიდ ნათებას იხილავთ.
მათთვის უმჯობესი იქნება, სწრაფად მოაწერონ ხელი შეთანხმებას. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, მაშინ ძალიან დიდი უსიამოვნებები ელით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
7 მაისის ღამით თეირანის ნაწილსა და კეშმის კუნძულზე აფეთქებების შესახებ განაცხადა „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან“ დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა. ისლამური ქვეყნის კიდევ ერთმა სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ აფეთქებები იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ „მტრული ძალების მხრიდან გაშვებული დრონების განეიტრალების მიზეზი“.
ირანული მედიის ცნობით, თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ იყო ორგანიზებული. აბუ-დაბისთან თეირანს კავშირები უკიდურესად ეძაბება.
ამერიკულ და ირანულ სამხედრო ძალებს შორის ინციდენტი მოხდა 6 მაისსაც, თუმცა ომანის ყურეში, როდესაც, ცენტრალური სარდლობის ცნობით, ისლამური ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა ვაშინგტონის მიერ დაწესებული ბლოკადის პირობები დაარღვია. მათივე განმარტებით, დარტყმას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება.
